მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმებზე: თუ ის საკითხები, რომლებიც თავიდანვე განწირულია მარცხისთვის, მაინც დგება დღის წესრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას აქვს პიარული დატვირთვა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმებზე: თუ ის საკითხები, რომლებიც თავიდანვე განწირულია მარცხისთვის, მაინც დგება დღის წესრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას აქვს პიარული დატვირთვა

საკითხები, რომლებიც ოპოზიციამ იცის, რომ თავიდანვე განწირულია მარცხისთვის, თუ მაინც დგება დღის წესრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პიარული თვალსაზრისით დატვირთვა იმისათვის, რომ საქართველოში ვნებათაღელვა არ ჩაცხრეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„აქ მიზანი არის აბსოლუტურად სხვა. გახარიამ ყველაზე მკაფიოდ აღიარა სხვებთან შედარებით ეს ყველაფერი, წამოსცდა და უკან აღარ დაიხია. ისინი ცდილობენ ტრამპის ინაუგურაციამდე რაღაც პირველი ფაზის დამთავრებას. მე მგონი დასკვნები რთული გამოსატანი არ არის. ვერც პირველ ფაზას მორჩებიან, ვერც მეორეს და მათი გეგმები ყოველთვის ასე წყალწაღებული იქნება, როგორც დღეს არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება მეორე ფაზას, მდინარაძის თქმით, რეალობაში ის მიმართული იყო ქაოსისკენ, არეულობისკენ, ხელისუფლების ცვლილების მცდელობისკენ საქართველოში და, შესაბამისად, მეორე ფრონტის გახსნისკენ. თუმცა, ოპოზიციამ დაიწყო ეკონომიკის ჩამოშლაზე ლაპარაკი.

„ესეც მავნებლობის ნაწილია, თუმცა მეორე ფაზა მათთვის რეალურად სხვა რამე იყო - ქვეყნის ქაოსში მოქცევა და მეორე ფრონტის ვალდებულება, აღებული გარე ძალების წინაშე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი გახარიამ, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ თანმიმდევრულად მიყვებიან გეგმას, რომლის პირველი ფაზა ახალ წლამდე, ან აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე უნდა დასრულდეს.