როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილს მძიმე ემოციური ფონი აქვს, თვითონვე ამბობს, არ მალავს და ეს მძიმე ემოციური ფონი როგორც ჩანს მას ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„მოდით ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ, მართლა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს როგორც ჩანს აღარ მინდა დამატებით კომენტარების გაკეთება, უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებს რომ ჩვენ არ გამოგვივიდეს ამ მძიმე ემოციურ ფონზე ცეცხლზე ნავთის დასხმა.
გასაგებია ადამიანი სკამს ებღაუჭება ისე, რომ არც მალავს, ამბობს პრაქტიკულად რომ ამ სკამს ვებღაუჭებიო. თქვა დარჩეს კობახიძე, დარჩეს პარლამენტი, ოღონდ მეც დამტოვეთო, მერე თქვა არსად არ მივდივარო, კონსტიტუციიდან ისედაც გასული იყო.
მძიმე ემოციურ ფონზე რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ამას პრინციპულად მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა ახერხებს აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსის ჩარჩოში ჩაჯდომას, დანარჩენი მომსახურების ზონიდან გასულია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.