მამუკა მდინარაძე პიროტექნიკის გამოყენებაზე: ჩვენ სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა საფრთხის შემცველი არ ყოფილა

მამუკა მდინარაძე პიროტექნიკის გამოყენებაზე: ჩვენ სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა საფრთხის შემცველი არ ყოფილა

მოქნილი იმისთვის უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელსა და სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და პოლიციელები მძიმე დაზიანებებს იღებენ, ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფო, პოლიციელიც და ის ხალხი, ვინც სამშობლოს რეალურად ემსახურება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ პიროტექნიკის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

„კანონი იმისთვის არის და მოქნილი იმისთვის უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელსა და სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და პოლიციელები მძიმე დაზიანებებს იღებენ, მართალია, მერე ამას არავინ გმობს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს და სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ვნახეთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფო, პოლიციელიც და ის ხალხი, ვინც სამშობლოს რეალურად ემსახურება. თუმცა, აქ მხოლოდ სამშობლოს მსახურებაზე არ არის მხოლოდ საქმე. ჩვენ ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა საფრთხის შემცველი არ ყოფილა. დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგვჩვენებია ყველას და ეს თურმე, არაფერი არ არის. რეალურად ეს ადამიანები, შეიძლება წარუშლელი შრამებისა და იარებისთვის გასწირეს. ამას დაცვა სჭირდება და ბუნებრივია, ამ გამოწვევის შესაბამისად, პარლამენტიც მიიღებს შესაბამის ნორმას“, - განაცხადა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა.