პრემიებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში, არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ, რაღაც შეხედულებების გამო. თუმცა, აქვე გეტყვით, რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი და დიდი ცვლილებები იქნება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
იგი დედაქალაქის მერიაში გამოცხადებულ რეორგანიზაციის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ბევრი არასწორი შეფასება მოისმინეს. მისივე თქმით, რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. კალაძემ განმარტა, რომ სამსახურების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ბოლოს 2017 წელს განახორციელეს.
„დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც დედაქალაქზე უნდა აისახებოდეს და დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებზე.
ბევრი შეფასებები მოვისმინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი, აღნიშნული რეორგანიზაცია კავშირში არ არის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და მეორე, ასევე ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ჩვენ ვიყენებთ პრემიების გაცემა - არ გაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც ტყუილია. არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
2017 წლიდან თბილისის მერი. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაც დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულების გამო, ან ვიღაცის მიმართ გვქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება თავისი შეხედულების გამო სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ბუნებაში არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით, ან რაღაც შეხედულებების გამო.
რაც შეეხება ზოგადად პრემიის საკითხს, პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა. ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის და რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რაც არის კანონით გათვალისწინებული.
არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ვინმე დაგვჩაგრა, ან ვინმეს მიმართ გვქონოდა უსამართლო დამოკიდებულება. თუმცა, მინდა, ასევე ხაზი გავუსვა ერთ რამეს. იცით, გავრცელდა პეტიცია, სადაც 200-ზე ცოტა მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების სამსახურებში დაშანტაჟება, ბულინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება იმისთვის, რომ ვიღაცამ რაღაცას მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი. ეს ქმნის არაჯანსაღ სიტუაციას სამსახურებში, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
შესაბამისად, პრემიებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში, არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ, რაღაც შეხედულებების გამო. თუმცა, აქვე გეტყვით, რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი და დიდი ცვლილებები იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.