სოზარ სუბარი:  ღირებულებითი თანხვედრა, რაც საქართველოს ხელისუფლებას და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს, უკვე არის ჩვენი ქვეყნისთვის შვების მომცემი.

სოზარ სუბარი:  ღირებულებითი თანხვედრა, რაც საქართველოს ხელისუფლებას და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს, უკვე არის ჩვენი ქვეყნისთვის შვების მომცემი.

რა გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალზე ტრამპის ახალი ადმინისტრაცია და გადაჭარბებულია თუ არა მის მიმართ მოლოდინები, ამ თემაზე ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღირებულებითი თანხვედრა, რაც საქართველოს ხელისუფლებას და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს, უკვე არის ჩვენი ქვეყნისთვის შვების მომცემი. 
 
როგორც სუბარმა განაცხადა, მარტო ის ფაქტი, რომ ახალი ადმინისტრაცია შეწყვეტს ზეწოლას საქართველოზე, რომ ჩვენ გავუხსნათ მეორე ფრონტი რუსეთს, უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა. 
 
„ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა, ის არის ამერიკის პრეზიდენტი და მას არასოდეს უთქვამს - საქართველო უპირველეს ყოვლისა, მისი ლოზუნგია - ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ის აკეთებს ყველაფერს ამერიკისთვის. უბრალოდ, ღირებულებითი თანხვედრა, რაც საქართველოს ხელისუფლებას და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს, უკვე არის ჩვენი ქვეყნისთვის შვების მომცემი.
 
მაგალითად, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ისეთი ორგანიზაციები, როგორციაა USAID-ი და NED-ი, რომელთაგან პირველი სახელმწიფო სააგენტოა, მეორე კი თითქოს არასამთავრობო ორგანიზაცია, ოღონდ ორივე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან ცუდ როლს ასრულებენ ჩვენს ქვეყანაში. ისინი გასცემენ გრანტებს, რომლითაც ქართველ ახალგაზრდებს ასწავლიან, როგორ მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, ასწავლიან იარაღის ხმარებას, ასწავლიან, როგორ უნდა შეძლონ სამართალდამცავი ორგანოებისა და ხელისუფლების დელეგიტიმაცია. და აი, ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაშიც და კონგრესსა და სენატშიც წამყვან თანამდებობებს იკავებენ ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმავეს ამბობენ.
 
მაგალითად, კომგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ბრაიან მასტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კონგრესში დაკითხვაზე დაიბარა სახელმწიფო მდივანი და აიძულა მას ეღიარებინა, რომ USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში დახარჯული თანხები არ ხმარდებოდა სამართლიან მიზნებს. მაგალითად, USAID-მა ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯა ნეპალში ათეიზმის ქადაგებისა და რელიგიის წინააღმდეგ ღონისძიებების დასაფინანსებლად. ჩნდება კითხვა, რატომ უნდა აფინანსებდეს ამერიკის მთავრობა ნეპალში ათეიზმის ქადაგებას? რა მისი საქმეა? თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი წელია, საქართველოშიც იგივე პოლიტიკა ფინანსდება ამერიკული გრანტებით. 
 
ასევე, ჩვენი და ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს ბევრ სხვა საკითხშიც. მაგალითად, როდესაც ჩვენ მივიღეთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, მკაცრად განგვიცხადეს, რომ ამ კანონს თუ არ გავაუქმებთ, ჩვენთვის ევროკავშირის კარიც სამუდამოდ დაიხურება და მეტიც, სანქციებითაც კი დაგვიწყეს მუქარა. ამ დროს კი აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვა ტრამპმა და აღმოჩნდა, რომ ისიც და მისი ადმინისტრაციაც აბსოლუტურად იზიარებენ ამ კანონის სულისკვეთებას.
 
როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის პერფორმანსი პრაქტიკულად ქრისტიანობის შეურაცხყოფა იყო, მთელი ლიბერალური სამყარო დაგვცინოდა და ბნელებს გვეძახდა. ამ დროს გამოვიდა აშშის მომავალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თქვა, რომ ეს იყო სამარცხვინო პერფორმანსი - ანუ ჩვენი ხედვები აქაც დაემთხვა ერთმანეთს. ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იცლის მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ კიდეც რომ წარმოვიდგინოთ, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იმდენად ჩაერთოს მთელ მსოფლიოში მიმდინარე დაძაბულ პროცესებში, რომ საქართველოს ვერ მოიცალოს საკმარისად, ჩვენთვის მაინც სერიოზული შეღავათია, როდესაც ჩვენი იდეოლოგიური ხედვები ასე ემთხვევა ერთმანეთს. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შეღავათია და მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემია. მარტო ის ფაქტი, რომ ამერიკის ძალისხმევა არ იქნება მიმართული ომში ჩვენს ჩართვაზე, უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ჩვენთვის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.