ბესო დანელია: ჩვენ ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში თვალს ვადევნებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას

ბესო დანელია: ჩვენ ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში თვალს ვადევნებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას

ჩვენ ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში თვალს ვადევნებთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, - განაცხადა უფლებადამცველმა ბესო დანელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

„ეს არის ჩემი შეფასება, როგორც იურისტის, ადამიანის, რომელიც 15 წლის განმავლობაში ვიდექი აქციებზე, ვიყავი არა მხოლოდ მონაწილე, არამედ ორგანიზატორი. მაგრამ მე რასაც ვუყურებ დღეს, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. არ არის აუცილებელი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ეჭიროს ხელში აქციის წევრს. აყრილი ქვაფენილი და ამხელა ლოდები, რკინის ამხელა კონსტრუქციები, რომლებიც სამართალდამცავების მისამართით არის ნასროლი, ის პიროტექნიკა, რომლის გამოც 100-ზე მეტი სამართალდამცავისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. ამას სამართლებრივად სხვა დეფინიცია არ აქვს“, - განაცხადა ბესო დანელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის ამომრჩეველსაც არ სურს ქვეყანაში გადატრიალება.

„ამის პოლიტიკური დეფინიცია არის შემდეგი - კაცობრიობას ჯერ არ მოუგონებია დემოკრატიაზე კარგი ფორმა. დემოკრატია რას ნიშნავს - უმცირესობამ უნდა იაროს უმრავლესობის ჭკუაზე იმ 4 წლის განმავლობაში, როდესაც უმრავლესობა აკეთებს არჩევანს. ძალიან გაბრაზებული ვართ ყველა და ჩემს პოზიციაზეა მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანი საქართველოში. ადამიანები, რომელთა სისხლზე, რომელთა ჯანმრთელობაზე არის დღემდე მოსული ქვეყანა. ადამიანები, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობის ფასად არაერთ ომში მიიღეს მონაწილეობა და ეს ხალხი არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ასევე ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველიც, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდათ აქ გადატრიალება, 90-იანი წლები და სისხლისღვრა. ყველა ეს ადამიანი არის აღშფოთებული და უყურებს სახლიდან. გულისტკივილის ამოთქმა ხდება სოციალურ ქსელებში, პირად საუბრებში, მაგრამ ყველას გვყოფნის კიდევ ძალა იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ მოვახდინოთ გაღრმავება უთანხმოების, საზოგადოების პოლარიზება და ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე“, - აღნიშნა ბესო დანელიამ.