გელა ნიკოლაიშვილი: ობიექტური თუ ხარ ადამიანი და არ მოგწონს ძალადობა, ერთი ძალადობაც მიუღებელია და მეორეც, რასაც ხშირ შემთხვევაში მომიტინგეების მხრიდან ვერ ვხედავთ ხოლმე

გელა ნიკოლაიშვილი: ობიექტური თუ ხარ ადამიანი და არ მოგწონს ძალადობა, ერთი ძალადობაც მიუღებელია და მეორეც, რასაც ხშირ შემთხვევაში მომიტინგეების მხრიდან ვერ ვხედავთ ხოლმე

სიტუაცია არ არის მარტივი, საკმაოდ გართულებული და დაძაბული სიტუაციაა, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ამას პერიოდულად ართულებს ის მოქმედებები ორივე მხრიდან ან, ვთქვათ, მომიტინგეების მხრიდან ხდება გადაჭარბებული აქტიურობები. ამ აქტიურობებში მე ვგულისხმობ იმავე ბოთლების, ქვების თუ რაღაც „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და პიროტექნიკის სროლას პოლიციელების მიმართ, პირდაპირ დამიზნებით. მეორე მხრივ კი, აგერ გაჩვენებდათ თამარ ჩერგოლეიშვილი დაზიანებული ადამიანების სახეებს და, რა თქმა უნდა, ესეც არის იგივე გადაჭარბებული ძალის გამოყენება. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი კანონს არღვევს, ის უნდა დააკავო, მაგრამ ასევე კანონი არ უნდა დაარღვიო, როდესაც აკავებ და თუ ხდება ამის შემდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება, რა თქმა უნდა, ესეც კანონდარღვევაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც გუშინ მოხდა. ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს და მე იმედი მაქვს, ხელისუფლება ამ საქმეებს, ყველას თუ არა, რაღაც ნაწილს მაინც გახსნის და გამოააშკარავებს, ვინ არიან ისინი. თუნდაც მათი მომხრეები იყვნენ და ვიღაცის ცხელ თავში მოიხარშოს ის, რომ, აი, ჩვენ დაშინების გზით რაღაცას მივაღწევთ. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის დათვური სამსახური ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლებამ ეს თვითონაც უნდა გაიგოს. მე ვფიქრობ, გაგებულიც აქვს, ყოველ შემთხვევაში, რასაც აცხადებენ მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე და სხვები, რომლებიც გამოდიან და პირდაპირ, ღიად გმობენ ამას, ეს უკვე პირველი ნაბიჯია, მაგრამ მეორე ნაბიჯი იქნებოდა, ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი დაედოთ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, ძალადობა ყველა მხრიდან უნდა იყოს დაგმობილი.

„მომიტინგეები ამბობენ ხოლმე, ჩვენ თუ რაღაცას ვაშავებთ, ეს კარგია, კანონიერია და დაგმობილი კი არა, ტაშდაკრულია, ხოლო თუ ვიღაცისგან არის ძალის გადამეტება, ეს უნდა დაიგმოს. თუ ობიექტური ხარ ადამიანი და თუ არ მოგწონს კონკრეტულად ძალადობა, ერთი ძალადობაც მიუღებელია და მეორეც, რასაც ხშირ შემთხვევაში, მათგან ვერ ვხედავთ ხოლმე. აი, ეს არის მთავარი, თუმცა იქ ძალიან ბევრი მომიტინგე თვითონვე ამბობს ხოლმე, მე რატომ უნდა გავილახო და დავზიანდე, როდესაც მე არ ვისვრი არც ქვას, არც ბოთლს და არც არაფერსო, მაგრამ ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, როდესაც დაშლა ხდება და იქ გვერდით უდგახარ, მოქნეული და მოზომილი ვინ გაიგოო, ხომ? სანამ დაკავება მოხდება, მანამდე, შეიძლება, ეს ადამიანებიც დაზიანდნენ. სამწუხაროდ, ასე ხდება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ნიკოლაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიას არჩევნებში ხმა მისცა 285 000-მა ადამიანმა, რომელსაც არ უნდა ეს ხელისუფლება, აქედან დაახლოებით 5 000, ან თუნდაც 10 000 ადამიანი სისტემატურად აპროტესტებს და ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სადამდე შეიძლება, მივიდეს პროცესი და რამ შეიძლება, განმუხტოს ვითარება, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ არსებული პროტესტები დგას ორ დიდ ტყუილზე.

„ნაწილმა იცის, რომ ტყუილზე დგას, მაგრამ მაინც მონაწილეობს, ნაწილი კი მოტყუებულია, რადგან არწმუნებენ, რომ ეს ორი ტყუილი მართალია. ერთ ტყუილზე აღარ გავაგრძელებ საუბარს, თითქოს ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირში ინტეგრაციაზე. პირველი ტყუილი არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა. რამდენი ილაპარაკეს, ხან 30 ადგილზე შედიოდა ერთი და იგივე ხალხიო, ხან მანქანამ გააყალბაო, ხან მოსყიდვები იყოო, მაგრამ ერთი ვიღაც კაცი გამოიყვანეს, რომელიც სოციალურად დაუცველი ყოფილა გორში და ალაპარაკეს, მე 30-ჯერ შევედიო, მერე კი საფრანგეთში გადააფრინეს, რომ, ელემენტარულად, არ გამოეკითხათ. რომ შეეკითხებოდნენ, აბა, რომელ 30 უბანზე იყავიო, იქ ხომ კამერებიც იყო და ხომ აღმოჩნდებოდა, რომ არავითარ 30 უბანზე არ ყოფილა? მოკლედ, დამალეს, საფრანგეთში გადააფრინეს. ამ კაცს, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა, თურმე საფრანგეთში გადაფრენის და იქ ცხოვრების ფული აღმოაჩნდა. ამის გარდა, მტკიცებულება არ არსებობს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან, რა თქმა უნდა, რაღაც გაყალბებისა და შეუთავსებლობის ცალკეული მომენტები ყველა არჩევნებშია და ახლაც იყო. აგერ ვნახეთ, კაცი რომ ტენიდა მარნეულში ბიულეტენებს და გააუქმეს ის უბანი, მაგრამ ის, რომ 300 000 და 400 000 ხმა გაეყალბებინათ, ხომ სრული აბსურდია“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.