ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, დღემდე გულუბრყვილოდ და მიამიტურად წარმოგვიდგენია, რომ საქართველო გარშემო, გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებისგან მოწყვეტილი და დასაზღვრულია. მოვლენებს ისე აღვიქვამთ, თითქოს გარე სამყაროსგან იზოლირებული კუნძულოვანი წარმონაქმნი ვიყოთ მაშინ, როდესაც თეორიულადაც წარმოუდგენელია ჩვენთან მიმდინარე პროცესების გაგება, თუ გლობალურ კონტექსტს არ გაიაზრებ და დიდ სურათს არ დაინახავ, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ში არჩევნებში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს და დემოკრატებმა ისტორიული მარცხი იწვნიეს, მსოფლიოს სხვადასხვა უბანზე უპრეცედენტო ესკალაცია დაიწყო. პოლიტოლოგი მიმოიხილავს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკრაინაში, სირიასა და რუმინეთში და აღნიშნავს, რომ დროა, საქართველომ გააცნობიეროს, რომ დასავლეთი არ ითხოვს ქვეყანაში დემოკრატიას, ლიბერალიზმს და მათ პარტნიორ სახელმწიფოდ დარჩენას.
ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, დღემდე გულუბრყვილოდ და მიამიტურად წარმოგვიდგენია, რომ საქართველო გარშემო, გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებისგან მოწყვეტილი და დასაზღვრულია. მოვლენებს ისე აღვიქვამთ, თითქოს გარე სამყაროსგან იზოლირებული კუნძულოვანი წარმონაქმნი ვიყოთ მაშინ, როდესაც თეორიულადაც წარმოუდგენელია ჩვენთან მიმდინარე პროცესების გაგება, თუ გლობალურ კონტექსტს არ გაიაზრებ და დიდ სურათს არ დაინახავ.
კონტექსტი კი ასეთია - მას შემდეგ, რაც აშშ-ში არჩევნებში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს და დემოკრატებმა გაათვითცნობიერეს, რომ ისტორიული მარცხი იწვნიეს, მსოფლიოს სხვადასხვა უბანზე უპრეცედენტო ესკალაცია დაიწყო:
-ჯერ უკრაინას შორ დისტანციაზე მოქმედი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების გამოყენების უფლება მისცეს რუსეთის სიღრმეში, შემდეგ დასავლეთში აქამდე წარმოუდგენელი საკითხების განხილვა დაიწყეს, როგორიცაა უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა და უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული, ფრანგული და გერმანული სამხედრო ძალების შეყვანა. ეს აგონია რუსეთის მხრიდან ორეშნიკის სატესტო და გამაფრთხილებელმა გამოყენებამ დროებით ჩააცხრო.
თავად ზელენსკი კი უკვე მზაობას გამოხატავს, რომ რუსების მიერ დაპყრობილი ხუთივე ოლქი - ყირიმი, ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟია - დათმოს იმ პირობით, თუ დარჩენილ ტერიტორიას ნატოს ქოლგის ქვეშ მოაქცევენ;
-უკრაინის შემდეგ მორიგი პროქსი ომი სირიაში გააჩაღეს, სადაც აშშ-ს, ისრაელისა და თურქეთის მიერ გაწვრთნილი და დაფინანსებული ტერორისტული ჯგუფები ასადის რეჟიმს ამხობენ, რითაც რეგიონში რუსეთისა და ირანის გავლენებს ასუსტებენ.
ათიოდე დღეც არ დასჭირდა დასავლურ მედიას, რომ სირიის ფუნდამენტალისტი ჯიჰადისტებისთვის იმიჯი შეეცვალათ და რებრენდინგის შედეგად „რევოლუციონერებად“ გამოაცხადებინათ. ჯიჰადისტების ახალ ლიდერს, რომელიც დიდი ალბათობით მალე სირიის სათავეში მოექცევა, ზუსტად იგივე იმიჯი და ჩაცმულობა შეურჩიეს, როგორიც ზელენსკის აქვს, რაც, ერთი მხრივ, სიტუაციას კიდევ უფრო კომიკურს ხდის დასაკვირვებლად, მეორე მხრივ, კი გვაჩვენებს იმ განმეორებად პატერნს, რომლითაც დასავლეთი ოპერირებს - უკრაინის შემთხვევაში თუ კომიკოსი აქციეს „თავისუფლების სიმბოლოდ“, ახლა CNN-მა რადიკალი ჯიჰადისტი გამოძერწა ახალ გმირად. მოკლედ, დასავლურმა მედიამ არაბი ზელენსკი შექმნა;
-რუმინეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ტიკტოკზე უპრეცედენტოდ რეზონანსული წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებით გაიმარჯვა. და რას აკეთებს დასავლეთი, როცა მათთვის მისაღები კანდიდატურა ვერ იმარჯვებს არჩევნებში? რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აბსურდული „გარე ჩარევების“ მომიზეზებით პირველი ტურის შედეგები გააუქმებინეს.
მარტივი ფორმულაა, სადაც დასავლეთისთვის მისაღები არაა არჩევნების შედეგები - უცებ რუსული, ჩინური თუ ირანული ჩარევის კვალს პოულობენ და არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ. აი, თუ მათი კანდიდატი იმარჯვებს, მაშინ დემოკრატია ჩქეფს და დუღს.
რეალურად რა ინტერესი არსებობს რუმინეთის მიმართ? რუმინეთში ევროპის მასშტაბით ნატოს ყველაზე დიდი ბაზის მშენებლობა დაწყებულია, რომელიც თავისი სიდიდითა და ფუნქციონალით გერმანიის რამშტაინის ბაზას გადააჭარბებს - შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ კონსტანცაში მდებარე მიხაილ კოგელნიჩანუს ბაზის (RoAF 57 საჰაერო ბაზა) გაფართოება უკვე დაწყებულია და მალე ნატოს საჰაერო და საზღვარო ბაზად გადაიქცევა. ადგილზე უკვე 5 ათასამდე ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული და შემდეგ წელს ეს რაოდენობა გაორმაგდება, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური რიცხვებია;
როგორც უკრაინა და სირია, ასევე რუმინეთი და საქართველოც შესაძლოა იმპერიული გამბიტის პოლიგონად იქცეს, ესაა რეალური გეოპოლიტიკური რისკი, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას და რომელიც ისეთი რეალურია, როგორც არასდროს.
დროა გავათვითცნობიეროთ, რომ დასავლეთი ჩვენგან არ ითხოვს ქვეყანაში დემოკრატიას, ლიბერალიზმს და მათ პარტნიორ სახელმწიფოდ დარჩენას, ისინი ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის მიმართ იყოს მტრულად და ანტაგონისტურად განწყობილი ქვეყანა, რომელსაც თავისი ინტერესების შესაბამისად გამოუტანენ განაჩენს - უნდათ ომის პოლიგონად აქცევენ და უნდათ მარიონეტულ რეჟიმს დაგვისვამენ.
მოკლედ, დასავლეთის გზავნილი ასეთია: ან ბოლომდე და თავგანწირვამდე ჩვენთან ხართ ან ჩვენ თქვენს მთავრობას დავამხობთ, დანარჩენი უკვე თქვენ განსაჯეთ." - წერს ლუკა ეხვაია.