არაორდინალური სიტუაციაა საქართველოს არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებული პროცესსა და მოლოდინებზე საუბრისას.
„გაუგონარი ზეწოლის ქვეშ არიან ის ადამიანებიც, ვინც ამზადებენ დასკვნებს, ის ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობდნენ მისიას. სხვადასხვა ძალის მხრიდან არის მცდელობები, რომ გარკვეულწილად მოახდინონ გავლენა იმ ობიექტურ შეფასებებზე, რომლებიც უნდა გაკეთდეს კონკრეტული დამკვირვებლების მხრიდან წარმოდგენილი შეფასებების საფუძველზე.
მეც მიმიღია მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიებში არაერთ არჩევნებზე განგვიხორციელებია დაკვირვება. იქ არის ძალიან კონკრეტული მეთოდოლოგია, კითხვები, რასაც აფასებს დამკვირვებელი და რასაც უნდა გასცეს პასუხი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ.
თუმცა, ვხედავთ, არის მთელი რიგი მცდელობები, რომ მისია გაცდეს იმ შეფასებებს, რაც შეიძლება, რომ გააკეთოს კონკრეტულმა დამკვირვებელმა, რაც აისახება დასკვნაში და მოხდეს სხვაგვარად არჩევნების შეფასება. გარკვეული ძალებისთვის ალბათ კიდევ რჩება მნიშვნელოვნად, რომ საქართველოში ეს საკითხი იყოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, არ დაიხუროს არჩევნების თემა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან გაიხსენა, რომ 2020 წლის არჩევნების დროს თვეების განმავლობაში მოუწია საქართველოს ბრძოლა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა ის, რაც იყო ძალიან ცხადი.
„არჩევნები ჩატარდა და დასრულდა იმ შედეგით, როგორც დასრულდა. თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილ კრიზისში ვიცხოვრეთ და დავკარგეთ ძალიან ბევრი თვე იმისთვის, რომ პარლამენტში შესულიყო ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც გარკვეული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს მოქალაქეებმა.
დაახლოებით იგივე პროცესები მიდის ახლაც, თუმცა, უფრო მეტი სიმძაფრით გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესში ახლა უკვე ჩართულია ძალიან აქტიურად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იყენებს იმ თანამდებობას, რომელზეც ის არის, სხვადასხვა აქტორთან კომუნიკაციისთვის და მათთან არჩევნების არალეგიტიმურობის გზავნილის გასაჟღერებლად. ეს მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ინტერესებს, დემოკრატიულ პროცესს საქართველოში და ანაწყენებს იმ ამომრჩეველს, რომელმაც გააკეთა არჩევანი, დაუჭირა მმართველ პარტიას მხარი და არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობდეს კითხვის ნიშნები.
მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო დასკვნა უფრო მალე იქნება, ვიდრე წინა შემთხვევაში და არ დასჭირდება ამას კიდევ ბევრი თვე და შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მართლაც ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორებზე, მათზე, ვისაც აქვს სურვილი საქართველოსთან თანამშრომლობის. არის მთელი რიგი საკითხები და გარკვეული სპეკულაციები ხდება.
ნახავდით შეხვედრებს, რომლებიც გაიმართა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში და იმ რეაქციებს, რაც ამას მოჰყვა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან და პარტნიორების დაგმობას იმის გამო, რომ ისინი საერთოდ ელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე ხარჯავენ დროს და ენერგიას ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყნის ოპოზიციაში არიან და ერჩიან სახელმწიფოებრიობას. ისინი ხარჯავენ რესურსს იმისათვის, რომ საერთაშორისო მასშტაბით ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ შექმნან ვითომცდა იზოლაციის სურათი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს მათ არ გამოუვათ“, - განაცხადა მინისტრმა.