ლიბერალური ფაშიზმი, ამ მასშტაბის სიძულვილი, რაც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში, არ არის ქართული კულტურისთვის ორგანული მოვლენა და არ შეიძლება, ასე დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენ ყველა ნაბიჯს გადადგამს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში.
„მათ შორის, როცა საუბარია პოლიტიკური სუბიექტების მიმართ განსახორციელებელ ქმედებებზე, ეს ნაბიჯებიც გადაიდგმება კონსტიტუციიდან და კანონიდან გამომდინარე. ზოგადად, ყველა ინსტრუმენტი იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან. პრობლემა აშკარად სახეზეა. ეს პრობლემა არის ხელოვნურად თავსმოხვეული. ის სიძულვილი, რომელიც ხელოვნურად ითესება ქართულ საზოგადოებაში, აბსოლუტურად უცხოა ქართული კულტურისთვის. ლიბერალური ფაშიზმი, ამ მასშტაბის სიძულვილი, რაც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში, არ არის ქართული კულტურისთვის ორგანული მოვლენა. საცეცებივით შედის სხვადასხვა სფეროში ეს იდეოლოგია, იქნება ეს კულტურა, განათლება, მედია, პოლიტიკა, ყველა სფეროში ცდილობს შეღწევას და ყველგან ცდილობენ სიძულვილის დათესვას, რაც არ შეიძლება, ასე დარჩეს. ყველა ზომა იქნება გამოყენებული კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში", - განაცხადა პრემიერმა.