პრემიერი: ქართველ ხალხს ხელი ჰკრეს, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, იგივე გრძელდება მოლაპარაკებების გახსნაზე, თან იმ პირობებში, როდესაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ მოლდოვას გახსნილი აქვს მოლაპარაკებები

პრემიერი: ქართველ ხალხს ხელი ჰკრეს, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, იგივე გრძელდება მოლაპარაკებების გახსნაზე, თან იმ პირობებში, როდესაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ მოლდოვას გახსნილი აქვს მოლაპარაკებები

ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში აღარ ვაყენებთ 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნას იმისათვის, რომ მათ არ დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ აქვე ვაცხადებთ, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ, შანტაჟი აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს და უარი უთხრეს, ახლაც იმავეს აგრძელებენ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და სწორედ ამას ეფუძნებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილება.

„გახსოვთ, რა ხდებოდა, მაგალითად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსისთვის. ჩვენ ვითხოვდით ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას, ისინი არ გვაძლევდნენ და თან ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით არაევროპულები და ისინი იყვნენ პროქართულები. 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადეს, რომ ქართველ ხალხს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. 2022 წლის ივნისში რატომ უთხრეს ქართველ ხალხს უარი კანდიდატის სტატუსზე, დღემდე არავის აუხსნია. არავითარი დასაბუთება არ ყოფილა, უბრალოდ ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 2022 წლის ივნისში, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე.

ახლა გრძელდება იგივე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს, აქაც ხელს ჰკრავენ ქართველ ხალხს და უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე. თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას აქვს გახსნილი მოლაპარაკებები. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში მოლდოვა, სუსტი ინსტიტუტებით, პრაქტიკულად დამოუკიდებელი ტელევიზია არ დატოვეს, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მეორე არხი და განსხვავებული აზრი საერთოდ არ ისმის მოლდოვაში. აკრძალეს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პლურალიზმი აღარ არსებობს, ეკონომიკა ჩამოაქციეს და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ქვეყანა რჩება დსთ-ს წევრად და არც სანქციები დაუწესებიათ, არც არაფერი, ნული კრიტიკა. ასეთ ქვეყანას უხსნიან მოლაპარაკებებს და საქართველოს და ქართველ ხალხს უარს ეუბნებიან. ყველაფერი დევს ხელის გულზე. აქედან გამომდინარე, არათუ შეგვიძლია, ვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა, ვფიქრობ, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, მოლაპარაკებების გახსნა მოვითხოვოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები ცდილობენ, რომ ეს საკითხიც გამოიყენონ შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენ დღის წესრიგში ჩვენი მხრიდან აღარ ვაყენებთ 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნას იმისათვის, რომ მათ არ დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ აქვე ვაცხადებთ, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ ამ საკითხს. შანტაჟი არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის,"- განაცხადა პრემიერმა.