სპეცრაზმელების იდენტიფიცირების მცდელობები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან და იცავენ უსაფრთხოებას, მტრის თუ კრიმინალის ხელში ამა თუ იმ პოლიციელის ჩაბარებაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სპეცრაზმელებისა და მათი ოჯახების იდენტიფიცირების მცდელობებს ოპოზიციის მხრიდან.
„რაც შეეხება სიების დადებას და იდენტიფიცირებას, როდესაც არის სპეცრაზმელის იდენტიფიცირების მცდელობები, იმ სპეცრაზმელების, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან, რას შვრებიან ისინი თუ არ აბარებენ მტრის თუ კრიმინალის ხელში ამა თუ იმ პოლიციელს?! ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის მეომარი. მათ 2008 წლის ომი აქვთ გავლილი. ამ ადამიანების უმრავლესობას თუ ყველას შემდეგ უწევთ პატრულირება საოკუპაციო ხაზთან და ამ ადამიანებს ესროლეს მაშხალები, ამ ადამიანებს, 2008 წლის ომში მონაწილეებს, იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც დღეს იცავენ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოებას, ქართველმა ადამიანებმა ესროლეს მაშხალები. არ არის ეს სამარცხვინო საქციელი?!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 140-მა პოლიციელმა მიიღო სხვადასხვა დაზიანება აქციებზე, ასევე 200-მდე მოქალაქემ. პაპუაშვილის თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე საერთო ჯამში პოლიციამ იმოქმედა პროფესიონალურად, ააცდინა ზიანი მოქალაქეებს. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, დაკავების დროს იყო გარკვეული ზიანი მიყენებული და სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოარკვევს ყველა გარემოებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
პაპუაშვილმა ანტიქართული, არაადამიანური და სამარცხვინო უწოდა ოპოზიციის მხრიდან ადამიანის სიების შედგენას, რომლის მიხედვითაც ადგებიან ოჯახებს, ატერორებენ პოლიციელების და სპეცრაზმელების მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს.
„ორი-სამი ადამიანის მხრიდან ჭარბი ძალის გამოყენება ვინმეს აძლევს რაიმე უფლებას, რომ ქართული პოლიცია ტერორის ქვეშ მოაქციოს? ქართველი პოლიციელების ოჯახის წევრები ტერორის ქვეშ ჰყავდეთ?“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს ყველა ფაქტს და სადაც გამოჩნდება დანაშაული იქნება შესაბამისი რეაქცია, მიუხედავად იმისა ვინ არის ეს ადამიანი - სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, თუ რიგითი მოქალაქე.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუღებელია ყიჟინა, ტაში, შექება მათ შორის გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსებისგან იმ ხალხის, რომელიც მაშხალებს და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრის.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა განცხადებაში მითითებული, რომ მოუწოდებდა მათ შორის აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად გამოეხატათ თავისი პროტესტი, თუმცა არცერთი ევროპელი პოლიტიკოსისაგან, ელჩისგან, თუ დიპლომატისგან მსგავსი მოწოდება არ წამოსულა.
„ამით ისინი ლეგიტიმაციას აძლევენ და იწონებენ მაშხალების სროლას. ეს ევროპელები იწონებენ ქვების სროლას, ეს ევროპელები იწონებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და ამ მოწონებით ახალისებენ მათ. ყოველ მეორე დღეს ნასროლი ქვა, ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“, ნასროლი მაშხალა იყო ამ ევროპელი პოლიტიკოსებისგან წაქეზების შედეგად ნასროლი მაშხალა და ქვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.