სასურველი იქნება მავთულხლართები... გაჩვენებთ, როგორ უნდა ავაწყოთ ფარი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაიდანზე ეგ ჰქონდათ.. თავდასხმას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა, - ამგვარია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებულის ინსტრუქციები, რომლებზეც იგი მისი ორგანიზაციის გვერდზე Facebook live-ში საუბრობდა.
ზ.ც. დეტალურად განიხილავს იმ მეთოდებსა და გზებს, რომლითაც უნდა მოხდეს გზის ჩახერგვა არა მხოლოდ სამართალდამცველებისთვის, არამედ იმ შემთხვევისთვის, როცა „ხალხი დაშლას დაიწყებს“.
ამასთან, იგი არჩევს უფრო ხელსაყრელ ლოკაციას და ამბობს, რომ აუცილებელი არ არის, ეს ბრძოლა პარლამენტის წინ იყოს.
ზ.ც. საუბრობს იმ საშუალებებზე, რომლებსაც მისი თქმით, უკრაინაში, „მაიდანზე“ იყენებდნენ. იგი ცალ-ცალკე განიხილავს როგორც თავდაცვის, ისე თავდასხმის მეთოდებსა და საშუალებებს.
„თავისუფლების მოედანზე მოხდა უკრაინაში, ეს ბრძოლა კონკრეტულად პარლამენტის წინ არ არის განსაზღვრული.
კონკრეტული ლოკაცია უნდა ავიღოთ და გავამაგროთ წინასწარ, რომ როდესაც ხალხი დაიწყებს დაშლას, გადაწევას, იქ უკვე ბარიკადები არსებობდეს და ესენი რომ რაღაცას გვესვრიან, მაშინ, პარალელურად არ ვაგებდეთ.
სასურველი იქნება მავთულხლართები იმიტომ, რომ გაჭრა-გარღვევა ძალიან რთულია. ჩვენ რამდენიმე ფარი ავაწყვეთ, ფარზე რომ გვქონდა აქცია და იქ დეტალურად ვასწავლეთ და ვაჩვენეთ, მაგრამ თუ საჭიროა ხელახლა გაჩვენებთ თვალსაჩინოდ, როგორ უნდა ავაწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაიდანზე ეგ ჰქონდათ.
გზის ჩახერგვის უფრო რადიკალური გზებიც არსებობს, რომელიც ჯერჯერობით, ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ რამდენიმე დღეში ეგეც საჭირო იქნება, მაგასაც დამზადება სჭირდება, დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდებით, რაც არის, არ დავასახელებ ლაივში, რომ მერე ვინმე არ მომედავოს სამართლებრივად.
სადაც ბარიკადები აწყობილია, იმის წინ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ეკლიანი, ლურსმნიანი დაყრილი იმისთვის, რომ ტექნიკას გაუჭირდეს მოახლოება. უკრაინაში იყენებდნენ ზეთს, ნებისმიერ ზეთს - მანქანის ზეთსაც, საკვებ ზეთსაც, ბოთლებში ჩაასხამდნენ და ყრიდნენ.
კამერები რომ არის, რაიმე უნდა მოვიფიქროთ, უნდა დავფაროთ ის კამერები, თორემ შემდგომ ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიან. ქაფით შეიძლება დაფარვა, საღებავით, ფეინთბოლის იარაღით შეიძლება დაფარვა, აუცილებელი არ არის მოტეხა.
ეს იყო თავდაცვის მეთოდები, თავდასხმას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა. ოღონდ საჭიროა უფრო დიდი სახის, რადგან პატარა უფრო ვიზუალური ეფექტის არის. პიროტექნიკა შეიძინეთ ინდივიდუალურად, რადგან ვიღაცამ რომ ჯგუფურად დაიწყოს შეძენა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა და ეგრევე აიყვანენ. და ქვები, რა თქმა უნდა, როდესაც თავდასხმაზე გადმოდიან, ერთადერთი ვარიანტი არის ქვები.
ჩვენ ახლა ვეცდებით, ჩამოვწეროთ. მინდა, სხვა ვიდეოს სახითაც ავაწყოთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ამის პრაქტიკული გამოცდილება”, - ამბობს ზ.ც.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.