შალვა პაპუაშვილი: მიმდინარე პროტესტს არ აქვს შინაარსი, აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს

შალვა პაპუაშვილი: მიმდინარე პროტესტს არ აქვს შინაარსი, აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს

მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ვერავინ ახერხებს დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია.

„ჩვენ მოხარული ვართ ქართველი ამომრჩევლის, რომლებმაც დაინახეს ჩვენი არჩევანი, გვენდვნენ და მხარი დაგვიჭირეს. ამ ნდობას ჩვენ არ გავაცრუებთ. ჩვენ დღევანდელ დღემდე და მომავალშიც შევეცდებით დავანახოთ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჩვენი სიმართლე, რათა მათ შეძლონ და შეადარონ იმ უმსგავსო და უპასუხისმგებლო საქციელს, რასაც სჩადის მათ მიერ არჩეული პარტიები.

მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა, ევროპული მომავალი და ქვეყნის გამთლიანება. სამწუხაროდ, რევანშისტული და რადიკალური ძალები არათუ ქვეყნის და სახელმწიფოს, თავიანთი ამომრჩევლის ნდობასაც აცრუებენ. მიმდინარე დღეებში ჩვენ ვხედავთ სწორედ ასეთ სასოწარკვეთილ მცდელობას, იქნებ ამ უკანასკნელ ჯერზე მაინც შეძლონ და ამოატრიალონ ქვეყანა. ეს არც გამოვიდა და ვერც გამოვა. ვფიქრობთ რომ საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მოვლენები დატრიალდა იმისათვის, რომ ემოციები ჩაცხრეს, ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, ისევე როგორც კონსტიტუციურ ჩარჩოში უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკური პარტიებიც და მათი მხარდამჭერებიც. მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი. ამიტომაც, არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ ახერხებს თქვას და დაასახელოს კონკრეტული და ხელშესახები ფაქტორი, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს, ხოლო ხელისუფლება უარს ამბობს. ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა მხოლოდ 2030 წელს გაჩნდება. ჩვენ გეგმა სწორედ ამ თარიღზეა მიმართული. მოლაპარაკებების გახსნა ევროპული სტრუქტურების ხელშია. საქართველო ყველაზე მეტად იმსახურებს და ყველაზე მეტად მზადაა პროცესის დასაწყებად. გაგვიხსნიან, მივიღებთ, ხელს მოვაწერთ და შევასრულებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.