ამ ყველაფრის მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისე გაფუჭდეს ურთიერთობა საქართველოსი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც კი ძალიან გაუჭირდეს მისი დალაგება და როგორც მინიმუმ, დროში ძალიან გაიწელოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძის თქმით, მათ რაც აქამდე არ და ვერ გააკეთეს, ახლა ცდილობენ 20 იანვრამდე ამის გაკეთებას, რადგან ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება გართულდეს.
როგორც მან აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლება პრინციპულად ეთანხმება მთავარ საკითხებში.
„ისინიც პრინციპულად გვეთანხმებიან მთავარ საკითხებში, რომ ოჯახის საკითხი უალტერნატივოა - ქალი და მამაკაცი არის ქალი და მამაკაცი, არა სხვა გენდერები და ა.შ. ასევე, გამჭვირვალობა რომ დემოკრატიული საწყისია და პრინციპია, ამაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს. ამის ფონზე, ანუ, ორმხრივი თანხმობის ფონზე მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ისე გააფუჭოს ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის, რომ მისი დალაგება, როგორც მინიმუმ, პროგრამა მინიმუმი აქვთ მათ აღებული, გაიწელოს ძალიან დროში. ამას ხომ ყველა ხვდება. უფლებამოსილების მიწურულს მავნებლობის ჩადენა იმიტომ, რომ შემდეგ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს იმ მიზნით, რომ გართულდეს ამისი დალაგება. ბიუროკრატიაში ასეთი გართულებები არის ხოლმე და ბუნებრივი მოლოდინი შეიძლება იყოს, მარტივად დასალაგებელი არ არის არასდროს არაფერი და რაც უფრო გაართულებენ, ფიქრობენ, რომ მით უფრო რთულად დალაგდება ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გამწვავების მცდელობასთან გვაქვს საქმე, თუმცა მგონია, რომ იმდენად პრინციპული თანხვედრა გვაქვს, შედარებით მალე დალაგდება ეს ყველაფერი და გადაიტვირთება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.