რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ ლარის კურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლარის კურსს შეეხებოდა.
მისივე თქმით, ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით, ერთი, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად და მეორე - საერთო პოლიტიკური ვითარება.
„ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად, ეს უნდა აღინიშნოს. ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, ერთი ის, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომებს იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არ არის საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომებს იმისათვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, რა თქმა უნდა, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ. ანუ ორივე ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა ქვემოთ კურსი,"- განაცხადა პრემიერმა.