ვიღაცები ცდილობენ, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მხრიდან სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.
„ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. სიის პრინციპი ნაკლებად საინტერესოა. თავად სანქციების დაწესება არის ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის პირველ მარტს, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა და მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი საბაბით თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან. აქედან გამოჩნდა, რაც იყო განზრახვა. იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი და ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, უშიშროების საბჭოს მდივანი, საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე, ისიც მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ეს პროცესი არ დასრულდა, გრძელდებოდა მუდმივად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, შემდეგ გამოაძევეს საქართველოს ელჩი უკრაინიდან, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან.
„გამოაძევეს იმიტომ, რომ „რუსეთი ჩვენი ხელით კლავდა სააკაშვილს ციხეში წამებით". დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა და ის სავარაუდო გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს არ არის დამოუკიდებელი. საბოლოო ჯამში, მთავარია ის, რომ ვიღაცები ცდილობენ, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინასთან, რადგან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ჩვენთვის ძვირფასია უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული და სოლიდარული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.