ირაკლი კობახიძე: ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის

ირაკლი კობახიძე: ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის" რეალიზება საქართველოში, ეს არის კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა

ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ პარტიული რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული „ნაცმაიდანის" მოწყობის მცდელობაში.

„ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, ჯერჯერობით ის არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად, უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება, თუმცა რეალურად, ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, აღიარებითი ჩვენება. პოლიტიკურად მან დადო პირდაპირი აღიარება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ ძალადობის უკან იდგა თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი. ეს იყო მისი პარტიის რესურსი, ანუ გვარამიას პარტიის რესურსი, „ნაცმოძრაობის" რესურსი, გახარიამ თავად აღიარა, რომ მისი ათეულობით მოძალადე აქტივისტი იყო დაკავებული ამ დღეების განმავლობაში, „ლელო" იყო პირდაპირ ჩართული და ნახეთ კიდეც მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ლელოს საუბარს. ოთხივე ამ ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის" რეალიზება საქართველოში.

საბოლოო ჯამში, ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნების პირდაპირი დარღვევა. საქართველოს კონსტიტუცია ხაზგასმით კრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, თუმცა ეს პარტიები პირდაპირ წავიდნენ კონსტიტუციის ამ ნორმის წინააღმდეგ, რაც არის კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა,"- განაცხადა პრემიერმა.