დღეს რეალურ საოჯახო ტრაგედიებთან გვაქვს საქმე და ამის ძირითად კატალიზატორებს სწორედ ის ძალები წარმოადგენენ, ვინც უკიდურესი აგრესიის გრადუსის აწევას ცდილობენ მშობლებსა და შვილების, დებსა და ძმებს შორის. ამ აგრესიის გრადუსის დაწევა აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებრივი დუღილის ტემპერატურის დაწევასაც და ამის თვალსაჩინო მაგალითს გუშინდელი ღამე წარმოადგენს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გუშინ პირველად, საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, აქციამ მშვიდობიანი ხასიათი მიიღო, რაც გამოიწვია რადიკალური ძალების ოფისებში არსებული არეულობის მაპროვოცირებელი ნივთების შეზღუდვამ, ასევე, აქციების რადიკალიზმში გადამყვანი ლიდერების ჩამოშორებამ. შედეგად, გუშინდელ აქციაზე არც საპოლიციო ძალებს გამოუყენებიათ ძალა.
"სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მთავარი ამოცანა - რეალური და არა დეკლარირებული დეპოლარიზაცია უნდა გახდეს. არასდროს, მათ შორის ე.წ. "ზვიადიზმის" კუთხით საზოგადოების გახლეჩის დროს - პოლარიზაცია არ გადიოდა მენტალური ქართველობის მგრძნობიარე "სიმებზე". დღეს რეალურ საოჯახო ტრაგედიებთან გვაქვს საქმე და ამის ძირითად კატალიზატორებს სწორედ ის ძალები წარმოადგენენ, ვინც უკიდურესი აგრესიის გრადუსის აწევას ცდილობენ მშობლებსა და შვილების, დებსა და ძმებს შორის.
ამ აგრესიის გრადუსის დაწევა აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოებრივი დუღილის ტემპერატურის დაწევასაც და ამის თვალსაჩინო მაგალითს გუშინდელი ღამე წარმოადგენს. საკმარისი იყო რადიკალური პოლიტიკური ძალების "სასაწყობო მეურნეობების დაყადაღება", საკმარისი იყო პოლიტტერორის განხორციელების იარაღებთან მათი წვდომის შეზღუდვა - აქციამ მისი დაწყების დღიდან პირველად მიიღო მშვიდობიანი პროტესტის ხასიათი. ამ ვითარებაში პოლიციური ძალების მხრიდან არც ძალის პროპორციულად, და მით უმეტეს, არც გადამეტებულად გამოყენების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
საკმარისი იყო აქციას მოშორებოდა მისი ანტიკონსტიტუციურ კალაპოტში გადამყვანი რადიკალური ლიდერები - შეწყდა პროვოკაციები და შემცირდა მოვლენათა განვითარების სისხლიანი და ფატალური სცენარების რისკები. ძალიან თვალსაჩინოდ გამოჩნდა ვის რა ტიპის ამოცანები ამოძრავებდა. მშობლებსა და შვილებს, დებსა და ძმებს შორის მათი პოლარიზაციის "ტრიგერ"-ძალებს თუ გავანეიტრალებთ, ერთმანეთში ნდობისა და ურთიერთგაგების აღდგენას არაფერი დაუდგება წინ." - წერს დავით ქართველიშვილი.