“თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია - ჭრილობაში არ იქნა ნანახი არანაირი უცხო სხეული“ - ექიმი საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობაზე

“თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია - ჭრილობაში არ იქნა ნანახი არანაირი უცხო სხეული“ - ექიმი საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობაზე

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმმა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცოტახნის წინ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, ორივე თვალის მთლიანობა შენარჩუნებულია და არ ყოფილა ჭრილობაში უცხო სხეული.

“პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით. შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა.

ჭრილობაში არ იქნა ნანახი არანაირი უცხო სხეული. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტტრავმულ მდგომარეობას. დაზიანების შესაბამისი მდგომარეობაა. იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით,“ - აღნიშნა ექიმმა.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 23 არის აქციის მონაწილე, სამი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 დაშავებულ თანამშრომელზე ავრცელებს ინფორმაციას.

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც აქციაზე დაშავებულთა დიდი ნაწილი მკურნალობს, დღეს სახალხო დამცველი იმყოფებოდა.