„ნამახვანი ჰესის

„ნამახვანი ჰესის" პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა აქციები და უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენს ქვეყანაში, ამის გამო ქვეყანას, შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება

უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენს ქვეყანაში და ჯერ დავა გრძელდება, მაგრამ ამის გამო ქვეყანას, შეიძლება მოუწიოს მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომპანია Enka Renewables-ის საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საარბიტრაჟო დავის წარმოშობის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც შესაძლოა, ქვეყანას მიადგეს.

„გახსოვთ, რა პროცესების საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა, რეალურად თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანი ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები. ამ აქციებში საეჭვო პირები იყვნენ ჩართული და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული კონკრეტული „ენჯეოები". სამი კონკრეტული „ენჯეო" შეიძლება გამოიკვეთოს, რომელიც იყო ჩართული. მათ შორის - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა. უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი ჩვენს ქვეყანაში და ჯერ დავა გრძელდება, მაგრამ ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზიანის ანაზღაურება და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? უცხოეთიდან ფინანსდებოდა ის ზიანი, რომელიც შესაძლოა, მიადგეს ჩვენს ქვეყანას. ზუსტად ამიტომ არ უნდოდათ „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომ ეს შავ-ბნელი საქმეები ენჯეოების ხელით ეკეთებინათ სწორედ შავი ფულით", - განაცხადა პრემიერმა.