გარდაუვალ ჭეშმარიტებას უნდა გავუსწოროთ თვალი: მემარჯვენე პოპულისტები ბრიუსელში დიდი ხნით დარჩებიან და ევროკავშირის პოლიტიკის ძირითადი წარმმართველებიც გახდებიან.
ბოლო ორმა მთავარმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ − ახალი ევროკომისიის დანიშვნამ და ტყის გაჩეხის კანონპროექტის მიღებამ − ევროკავშირის ახალი ძალაუფლების ცენტრი მემარჯვენე, ევროპის სახალხო პარტიის მხარეს გადაწონა.
ზოგიერთს ექსპერტს მიაჩნდა, რომ ივნისის ევროკავშირის არჩევნების შედეგები ბლოკის ცენტრისტებისთვის პროდუქტიული იქნებოდა, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ მემარჯვენე პოლიტიკურმა ძალებმა, როგორებიც არიან ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), ბოლო კვირების განმავლობაში ძალაუფლება განიმტკიცეს.
ტრადიციულად, EPP-იმ უმრავლესობა სოციალისტების, დემოკრატებისა და ლიბერალების ხარჯზე ჩამოაყალიბა. საარჩევნო კამპანიის დროს სოციალისტები იმუქრებოდნენ, რომ არ დაუჭერდნენ მხარს EPP-ის კანდიდატ ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ხუთწლიანი ვადით ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, თუ რაიმე „სტრუქტურული თანამშრომლობა“ იქნებოდა EPP-სა და რეფორმისტებს შორის.
მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე თვეებით ადრე, EPP-იმ და მისმა ლიდერებმა კარი ღია დატოვეს მემარჯვენეებისთვის, განსაკუთრებით ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტებისთვის, რომლებსაც ისინი ლეგიტიმურ და სასარგებლო პარტნიორებად მიიჩნევდნენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა უკრაინის მხარდაჭერა, მიგრაცია, ტრადიციული მრეწველობის დაცვა და ფერმერების უფლებების დაცვა.
„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ არჩევნების შემდეგაც, დავრწმუნდეთ, რომ რაღაც შეიცვალა… უმრავლესობაში შევლენ ECR-ის წარმომადგენლებიც“, − განუცხადა ჟურნალისტებს ორშაბათს პიტერ ლიზემ, EPP-ის წარმომადგენელმა გერმანიიდან.
ოთხშაბათს, მაღალი რანგის დეპუტატები დახურულ კარს მიღმა შეიკრიბებიან, რათა გადაწყვიტონ შვიდი ევროკომისრის ნომინანტის ბედი, მათ შორის არიან ესპანეთის ეკოლოგიური ტრანზიციის მინისტრი ტერეზა რიბერა და მემარჯვენეების ფავორიტი, რაფაელ ფიტო, რომელსაც მხარს უჭერს EPP.
ფიტოს კანდიდატურა იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ წარადგინა, რომლის პარტიაც ECR-ის წევრია.
„ჩემთვის არ არსებობს ECR-ის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი და, ცხადია, არც სოციალ-დემოკრატი კანდიდატებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არც მიიღებდნენ შეთანხმებას ECR-თან“, − თქვა ლიზემ.
მემარცხენეების განრისხების პარალელურად, ECR, ულტრამემარჯვენე პატრიოტები ევროპისთვის, უკიდურესი მემარჯვენე სუვერენისტები მხარს უჭერენ EPP-ს თითქმის ყველა ძირითად ინიციატივაში.
„უფრო ხშირად და უფრო ღიად ვხედავთ, თუ როგორ უარყოფს ევროპის სახალხო პარტია მანფრედ ვებერის ხელმძღვანელობით არსებულ პროევროპულ კოალიციას და ეძებს ალიანსებს პოლიტიკური სპექტრის რადიკალ მემარჯვენეებთან“, − წერს ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი კეტლინ ვან ბრემტი.
პრესრელიზში სოციალისტების ლიდერი ირატხე გარსია დაიმუქრა, რომ არ დაუჭერს მხარს კომისიას საბოლოო კენჭისყრაში. სოციალისტები თავიანთ სტრატეგიას ოთხშაბათს ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყვეტენ.
ორშაბათს ესპანურმა გაზეთმა El País-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, ასევე სოციალისტი, ისაუბრებს ფონ დერ ლაიენთან G20-ის სამიტზე ბრაზილიაში სიტუაციის განსამუხტად.