რომან კაკულია: საქართველო როდესაც ვირჩევთ იმ გზას, რომელიც რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია და გეუბნებიან, რომ ეს საფრთხის შემცველი არ არის, ეს ნორმალური თუა?!

რომან კაკულია: საქართველო როდესაც ვირჩევთ იმ გზას, რომელიც რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია და გეუბნებიან, რომ ეს საფრთხის შემცველი არ არის, ეს ნორმალური თუა?!

საქართველო როდესაც ვირჩევთ იმ გზას, რომელიც რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია და გეუბნებიან, რომ ეს საფრთხის შემცველი არ არის და ამ გზაზე ომი „ქართული ოცნების“ გამოგონილი ფანტაზიებიაო, ეს ნორმალური შეფასებები თუა, მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

კაკულიამ ისაუბრა სიტუაციაზე მსოფლიოში, როდესაც ევროკავშირი განსაკუთრებით კრიტიკულია საქართველოს მიმართ და რა განაპირობებს ამას.

„ტრამპის მოსვლამ გააჩინა ის ნარატივი, რომელსაც ევროკავშირი მთელი თავისი მოცემულობით უპირისპირდებოდა. ორი ნარატივი არსებობდა დასავლეთში 2014 წლის შემდეგ ომთან დაკავშირებით. სხვა თემებზე არ ვისაუბრებ, რადგან ომთან დაკავშირებულმა თემებმა გაართულა სწორედ ეს ურთიერთობები. ნარატივი, რომლისაც დასავლეთში ბევრ ადამიანს სჯეროდა და დღემდე სჯერა არის ის, რომ ნატოს გაფართოება არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ არავითარი საფრთხე თავად რუსეთს ნატო-ს გაფართოებით არ ემუქრება, რომ ამ ნაბიჯების მთავარი შინაარსი არის მხოლოდ პრევენციული, რადგან თავად იმპერიალისტური რუსეთი, პუტინის ხელმძღვანელობით აპირებს გაფართოებას და საბჭოთა კავშირის აღდგენას და ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რასაც ჩვენ ჩავიდენთ, ეს მხოლოდ პრევენციულია და რომ ნახევარი უკრაინა რომ ასეთ დღეშია, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მთლიანი უკრაინა იქნებოდა უკვე დაკარგულიო. უკრაინას პოლონეთი მოჰყვებოდა, ბალტიის ქვეყნები და ა.შ. ეს იყო ერთი მთავარი ნარატივი, რომლითაც დასავლეთმა დაიწყო ის, რაც დაიწყო, რომ ჩვენ არ ვიყავით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მისი გამოგონილია, ამიტომ ეს ყველაფერი გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგაო.

არსებობდა მეორე ნარატივი, რის გამოც ფაქტობრივად ანათემას გადასცეს თავის დროზე ქალბატონი ანგელა მერკელი, რომლის სიტყვებსაც მანტრასავით იმეორებენ დასავლეთში ექსპერტთა ის ნაწილი, რომელიც უპირისპირდება ამას. ერთი პერიოდი ვიფიქრე, ამათ მეხსიერების პრობლემაც ხომ არ აქვთ მეთქი, მაგრამ იმიტომ იმეორებენ, რომ უფრო მკაფიო გახადონ, რა იყო ამ ქალბატონის უკან მდგომი მეორე ნარატივი. ამ ქალბატონის სიტყვები უფრო მკაფიოს ხდის ამ ნარატივის შინაარსს, როდესაც მან თქვა, რომ ეს [ნატო-ს გაფართოება] იმიტომ არ შეიძლება, რომ ეს იქნება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მოიქცეოდა ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ქვეყნები, რომლებსაც ომს უცხადებენ.

საქართველო როდესაც ვირჩევთ იმ გზას, რომელიც რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია და გეუბნებიან, რომ ეს საფრთხის შემცველი არ არის და ამ გზაზე ომი „ქართული ოცნების“ გამოგონილი ფანტაზიებიაო, ეს ნორმალური შეფასებები თუა, მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს. საქმე იმაშია, რომ აქ გაიჭედა ჩვენი მდგომარეობა, რადგან იმთავითვე აიკრძალა საერთოდ საუბარი რუსეთის ინტერესის გათვალისწინებაზე. დასავლეთმა თქვა, რომ ჩვენ თუ ამ თემაში შევყევით რუსეთს, ოდნავ მაინც თუ გავითვალისწინეთ მისი ინტერესები, ეს უკვე პანდორას ყუთის გახსნა იქნება, ჩვენ ამას ვერ გავაჩერებთ და ამიტომ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის ინტერესების რაღაცით გათვალისწინება შეიძლებაო. ამ დროს ტრამპის მთავარი იდეა სწორედ ეს არის. როგორ აპირებს აბა რაღაც თემების მოგვარებას, თუ საერთოდ არ დაიწყებს ფიქრს იმაზე, რომ რუსეთსაც შეიძლება თავისი ინტერესი ჰქონდეს?!

ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შექმნა დადებითი პრეცედენტი რუსეთის მხარეს გადასვლით კი არა, მისი გარკვეული ინტერესების გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია მშვიდობის ფორმულა იქნეს გამოყვანილი დროებით მაინც. საქართველო არ გადასულა რუსეთის სათამაშო მოედანზე, რაც არ უნდა აბრალონ, უბრალოდ რაღაცების გათვალისწინება გააკეთა და ამის გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან ის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ამ მდგომარეობაში იყო. ის ვერ ჩაჯდებოდა იმ ნარატივში, რომელიც დასავლეთს აქვს, რადგან მათ სხვა ქოლგა ჰქონდათ და რადგან მან ეს გათვალისწინების ნიუანსი დაუშვა, რაც იმთავითვე გამორიცხული ჰქონდა დასავლეთს, საქართველო იღებს ყველაზე მთავარ დარტყმებს, რადგან ეს დარტყმები ფაქტობრივად ტრამპის წინააღმდეგ მიმართული დარტყმებია და ტრამპის სტრატეგიაც ეს არის. თუ ჩვენ გადავედით ძალთა ბალანსის თემაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაითვალისწინებ, თუ არ გაითვალისწინებ, ყოველ შემთხვევაში უნდა მოხაზო მაინც რა შეიძლება იყოს შენი მოწინააღმდეგეების ინტერესების სფერო. საქართველომ ის პრეცედენტი შექმნა მოწინააღმდეგის ველზე ბოლომდე გადაუსვლელად, მისი რაღაც მომენტების გათვალისწინებით და ეს პრეცედენტის შექმნა დასავლეთისთვის იმთავითვე მიუღებელი იყო. სანამ ტრამპი საბოლოო ტაქტიკას არ გამოკვეთს რუსეთის მიმართ, მანამდე მაქსიმალურად გამძაფრდება სიტუაცია“, - აღნიშნა კაკულიამ.