ასლან ბჟანია: სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: „რაც უარესი, მით უკეთესი“

ასლან ბჟანია: სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: „რაც უარესი, მით უკეთესი“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ექსპრეზიდენტი ასლან ბჟანია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

„ძალიან მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილს სიმპათია აქვს აფხაზეთის ხელისუფლების ან აფხაზეთის ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც ულოცავს მათ. მას არ აინტერესებს აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობა. ეს გასაგებია“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. 

15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე და „დაგმო რუსეთის ნაბიჯები მისი ანექსიისკენ.“

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე სოლიდარობა გამოხატა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც სოხუმსა და მოსკოვს შორის „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან.

15 ნოემბერს სოხუმში, რუსულ-აფხაზურ „საინვესტიციო შეთანხმებას“ პროტესტი მოჰყვა. 

მომიტინგეები „სამთავრობო შენობებში“ შეიჭრნენ. პროტესტის ფონზე „პარლამენტმა“ სხდომა გააუქმა, სადაც მოსკოვთან „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებაზე კენჭისყრა უნდა შემდგარიყო. 

ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას კი, ბადრა გუნბა ასრულებს.