საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესული ორი სარჩელიდან ორივეში წერია ტყუილი და ეს უღირსი, უსამშობლო ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები ანაცვალონ საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ორ სარჩელს - ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. მათიკაშვილმა ორივე სარჩელს აბსურდული უწოდა.
„აბსურდია ერთი სარჩელიც და მეორეც. სამართლებრივი თვალსაზრისით ამ სარჩელების ღირებულება არის აბსოლუტურად ნული იმიტომ, რომ არანაირი თვალსაზრისით, თითქოს რა მიზანსაც ეს სარჩელები ემსახურება ამ მიზნამდე ვერ მივა და ტყუილი წერია სინამდვილეში შიგნით ყველაფერი. ეს ერთი და მეორე რა შეიძლება იყოს ამის გამოძახილი? ამ ფუტლიარული, შინაარსისგან და არგუმენტებისგან დაცლილი მოცემულობისა უცხოეთიდან, დასავლეთი იქნება ეს, თუ ვინც არ უნდა იყოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, გაურკვეველია სადამდე შეძლებს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ტყუილებით თავის გატანას.
„ეს უღირსი, უსამშობლო ადამიანები აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები ანაცვალონ საქართველოს ინტერესებს, ისინი აუცილებლად თავის პირად ინტერესებს წინა პლანზე დააყენებენ და უკვე მერამდენედ, არაერთგზის, გვაქვს ნანახი ეს სურათი, თუ როგორ უღირსად იქცევიან, საკუთარი ნათქვამი როგორ უკან მიაქვთ და თითქოს ამაში არაფერი პრობლემა არ არის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ისინი შევლენ პარლამენტში და მოითხოვენ ხელფასებს.
„თუ გახსოვთ 2020 წელი, სანამ შეიკრიბებოდა საქართველოს პარლამენტი, რა განცხადებები კეთდებოდა ამ ადამიანების მხრიდან. ზუსტად ანალოგიური, იმდენად მსგავსია ეს მოცემულობა, რომ რაღაც ტყუპისცალებივით არიან და ამ მოცემულობაში იხვეწებოდნენ იმას, რომ ჩვენ არ შევალთ ჯერ პარლამენტში და მერე იხვეწებოდნენ, რომ მოდი შემოგვიშვით პარლამენტში და მოგვეცით ხელფასი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.