შალვა პაპუაშვილი: საია-მ „ისფედის“ როლი შეითავსა და მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას

შალვა პაპუაშვილი: საია-მ „ისფედის“ როლი შეითავსა და მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას

„როდესაც სარჩელი შედის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, არა არჩევნები საჩივრდება, არამედ ნორმა რომელიმე კანონის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საია-მ „ისფედის“ როლი შეითავსა და მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას.

„თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ გავლენა მოახდინა შედეგებზე, მაშინ ის ცნობს არაკონსტიტუციურად თავად არჩევნებსაც და ახალი არჩევნები ისედაც ტარდება. ამიტომ აქ შეფერხებას არანაირი დატვირთვა არ აქვს იმიტომ, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ასეც და ისეც.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ჰქონდა დღეს ეს განცხადება. რაღაც მომენტში ხომ უნდა დაფიქრდნენ, რაში იხარჯება ამერიკელი ხალხისა და ევროპელი ხალხის ფული. მილიონები იხარჯება ამ ორგანიზაციაში, იმისთვის, რომ ამ სისულელის ტირაჟირება გააკეთონ. რაც ერთი მხრივ შეიძლება სისულელედ ჩანდეს, მაგრამ მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ მათ როლს ამ არჩევნებში, მათ ფაქტობრივად გაინაწილეს „ისფედთან“ როლი, მათ შორის ფარულობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყალბი საჩივრები აქვთ მათ წარდგენილი, მავნებლობა აბსოლუტური“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან, ასევე, გაიხსენა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელთან დაკავშირებითაც „ქრონიკამ“ განმარტებები სთხოვა შვედეთის საელჩოს. ცნობისთვის, ორგანიზაციას სწორედ შვედეთის საელჩო აფინანსებს. შვედეთის საელჩომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას „გამოხატვის თავისუფლება“ უწოდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ასეთი დეზინფორმაციებით ხდება დესტაბილიზაციების მცდელობები.