დავით მათიკაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე: ეს არ არის უბრალოდ ბულინგი, ეს არის ღვარძლის გამოვლენა იმ სახით, იმ ფორმით, რომელიც არ სჩვევია ქართულ მენტალობას

დავით მათიკაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე: ეს არ არის უბრალოდ ბულინგი, ეს არის ღვარძლის გამოვლენა იმ სახით, იმ ფორმით, რომელიც არ სჩვევია ქართულ მენტალობას

ის, რაც საზოგადოებამ ამ დღეების განმავლობაში იხილა, არის სრულიად ამაზრზენი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე.

მისივე თქმით, ეს არ არის უბრალოდ ბულინგი, ეს არის ღვარძლის გამოვლენა იმ სახით, იმ ფორმით, რომელიც არ სჩვევია ქართულ მენტალობას.

„აშკარაა, რომ აქაც ეს რადიკალიზაცია, რომელიც სინამდვილეში ხელოვნურად შექმნილია და რომელიც, ძირითადად, ქვეყნის ფარგლებს გარედან საზრდოობს, ამ რადიკალიზმის პირმშოა ჟურნალისტების მიმართ ასეთი ბულინგი.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არანაირ დემოკრატიულ და პროევროპულ ძალებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

რადიკალური ოპოზიიის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.