გიორგი ვოლსკი რადიკალების ქმედებებზე: ეს არ არის ემოციური თემა, ეს არის პრაგმატულად ჩამოყალიბებული ბოროტი გეგმა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

გიორგი ვოლსკი რადიკალების ქმედებებზე: ეს არ არის ემოციური თემა, ეს არის პრაგმატულად ჩამოყალიბებული ბოროტი გეგმა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

რაც უფრო ხელს შეგიშლიან მუშაობაში, რესურსი მოაკლდებათ, რაც მეტი მოაკლდებათ რესურსი გამოხატვის აგრესიული ფორმა გაიზრდება. საქართველოს დროშას, რომ აფრიალებენ, ეს არის ყველაზე დიდი თვალთმაქცობა. ლიდერებს განსაკუთრებით არანაირი უფლება არ აქვთ ქართული დროშის ფრიალის. ესენი არიან პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ ჩამოყალიბებული სტრატეგიის რევოლუციური გეგმის მიმდევრები, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც ის „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აქციის მონაწილეთა აგრესიულ ქმედებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმა უცვლელია და მათ კვლავ სურთ მეორე ფრონტი საქართველოში, მათი ნაბიჯები კი ანტი ეროვნულია.

„არ შეცვლილა ის გეგმა, რასაც ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა, საქართველოს ომში ჩართვის თემა არის დღის წესრიგში კვლავ. ერთ-ერთი მათი მთვრალი წარმომადგენელი, ტოპ ტვინებს რომ ეძახიან, გამოვიდა და პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით. იდეა ის არის, რომ როგორმე მოხდეს რუსეთის ძალების დივერსიფიცირება.

ამის პარალელურად მიმდინარეობს ვითარების აბსოლუტური გადალაგება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. ევროკავშირშიც ბევრი რამე შეიცვალა, ევროპარლამენტშიც უკვე ხმამაღლა ისმის საქართველოს მხარდამჭერი განწყობები. ბევრი რამ შეიცვლება აშშ-სა და ევროპის ურთიერთობებში. მოლაპარაკებების გზაზე დადგებიან ეს უშველებელი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. და გვინდა, რომ ამ პატარა საქართველოს გადარჩენის გზა დავუტოვოთ. ეს ადამიანები, ამ საგანგებო სიტუაციაში აანალიზებენ შექმნილ სიტუაციას რაც არის მსოფლიოში, ეს არ არის ემოციური თემა, ეს არის პრაგმატულად ჩამოყალიბებული ბოროტი გეგმა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან.

გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გაიტანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კი ტერიტორია მოაწესრიგეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.

ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.