ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. შეთანხმება რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევდა.

ამ დღესვე აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან დაიწყეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეკრება. სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა. საღამოს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული ხელშეკრულების უკან გაწვევის მომზადება დაიწყო.

მოგვიანებით კი მომიტინგეები სოხუმში პარლამენტის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ოპოზიციასა და ბჟანიას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.