კახა კალაძე ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს

კახა კალაძე ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს

უკვე მესამედ აცხადებენ, რომ საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტენ. მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას შეუწყდეს დაფინანსება, კახა კალაძის თქმით, ეს არის სპეკულაციური განცხადება.

„მსგავსი განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ და მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას. გავიგეთ. მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს.

გვერდით რომ გადავდოთ ეს პოლიტიკური სპეკულაციური განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჟღენთილი, ყველა პარამეტრით საქართველო წინ მიდის. ნახეთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, სტატისტიკები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ევროინტეგრაციის გზაზე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება, ასევე, სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ჩატარდეს, თბილისის მერის თქმით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა, გაყალბების ფაქტები ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.

„ცესკო-მ მიმართა გენერალურ პროკურატურას სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით. არჩევნების დღიდან მოყოლებული, ოპოზიციამ რაც გაიგო, რომ პირწმინდად დამარცხდნენ, დაიწყეს საუბარი გაყალბებაზე. გვეუბნებოდნენ უამრავი ფაქტი არსებობსო. თუმცა, დღემდე არავის წარმოუდგენია მტკიცებულება. პროკურატურამ კონკრეტული ადამიანებიც დაიბარა და რეალურად ფაქტები არ წარმოუდგენიათ. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, აირჩია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი იმ წერილზე, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროკავშირს გაუგზავნა. მისი თქმით, მათი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა.

„ოპოზიცია ჩვეულებრივ მავნებლობას აგრძელებს. წერილი ფარულად გაგზავნეს, თუმცა, ჩვენ მოგვაწოდეს შინაარსი, რომელსაც ოთხი რადიკალური პარტია აწერს ხელს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ. გვახსოვს მსგავსი არაერთი ქმედება მათი მხრიდან, თუნდაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას რომ ცდილობდნენ, ასევე, იმავეს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები. აგენტურას რა უნდა მოსთხოვო? ეს ადამიანები ემსახურებიან გარე ძალებს და მათ ინტერესებს. იმ განცხადებიდან გამომდინარე, მათი მთავარი მცდელობაა, მოაწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა. ყველა მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ გვექნება მშვიდობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.