საქართველოს ეკონომიკაში ჩვენ გვაქვს სტაბილური ზრდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც იყო, დღესაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს და რაც მთავარია ამას ადასტურებს არა მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური ინფორმაცია, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, მსოფლიო ბანკი. ანუ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ დადებითი, - განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„იგივე ორგანიზაციები აკეთებენ ძალიან ოპტიმისტურ პროგნოზებს, აქედან გამომდინარე, მათაც ხომ კარგად იციან, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილური და დაძაბული ვითარება შექმნილია არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ მათი ყველა პროგნოზი არის ოპტიმისტური.
ფუნდამენტური პირობები იმისა, რომ ეროვნულ ვალუტას რამე დაემუქროს, არ არის, თუმცა, არასტაბილურობის განცდის გამო შეიძლება გარკვეული ქმედება იყოს კვლავ რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით და ეროვნული ბანკის ჩარევა იქნება აუცილებელი. იმის თქმის საფუძველი, რომ რეზერვებიდან დაიცლება და ასეთ რამ მოხდება, არ გვაქვს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ყველა დადებით პროგნოზს აკეთებს, ესე იგი მარაგების ამოწურვა გამორიცხულია.
ცუდია, როდესაც არსებობენ ისეთი ოპოზიციური ძალები, რომელთაც უნდათ ეკონომიკური მდგომარეობის და ლარის არასტაბილურობა გამოყენებული იყოს პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეროვნული ბანკის ქმედებები უნდა იყოს იქითკენ მიმართული, რომ ეროვნული ვალუტის კურსი იყოს სტაბილური.
დღეს საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც განაპირობებენ ლარის არასტაბილურობას არ არსებობს, საგარეო ფაქტორები ჯერ-ჯერობით საკმაოდ იმედისმომცემია, ხოლო პროგნოზები, რაც კეთდება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან მიმართებაში, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციისგან არის ოპტიმისტური“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.