ივნისიდან მოყოლებული ოქტომბრის ჩათვლით რუსეთს ყველა ნაწილში უპირატესობა აქვს. მაშინ, როდესაც წინ მიიწევ და სრული უპირატესობა გაქვს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა წახვიდე კომპრომისებზე. შესაბამისად, არც ტრამპის ადმინისტრაცია არ ელის რუსეთისგან ფუნდამენტურ დათმობებსა და კომპრომისებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა, ლუკა ეხვაია.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი.
კითხვაზე, რამდენად შეძლებს ტრამპი, დაიყოლიოს ვლადიმერ პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაციაზე, ნეიტრალურ ზონად გამოცხადებაზე და სხვა მსგავს გეგმებზე, ეხვაიამ აღნიშნა, რომ არსებობს სამი პირობა, რის გარეშეც რუსეთი პოზიციებს უბრალოდ, არ დათმობს.
„რუსეთის მხრიდან სამი მთავარი პირობაა, რაც უნდა შეასრულოს დასავლეთმა, თუ სურს, რეალურ კონსენსუსამდე მივიდეს მოლაპარაკებები და რაღაც მოლაპარაკება მაინც შედგეს, გაფორმდეს.
პირველი პირობაა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ბუფერული ზონა ფრონტზე და ფრონტის ხაზის დემილიტარიზაცია მოხდეს; მეორე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პირობაა, რომ უკრაინამ უარი უნდა განაცხადოს ნატოში ინტეგრაციაზე და მესამე პირობაა, უკვე დაპყრობილი ტერიტორიები უნდა აღიაროს. ეს არის ის სამი პირობა, რის გარეშეც რუსეთი პოზიციებს უბრალოდ არ დათმობს“, - განაცხადა ეხვაიამ.
მისივე განმარტებით, საუბარია რუსეთის მიერ დაპყრობილ 4 ოლქსა და ყირიმზე.
„ივნისიდან მოყოლებული ოქტომბრის ჩათვლით რუსეთს ყველა ნაწილში უპირატესობა აქვს. მაშინ, როდესაც წინ მიიწევ და სრული უპირატესობა გაქვს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა წახვიდე კომპრომისებზე. შესაბამისად, არც ტრამპის ადმინისტრაცია ელის რუსეთისგან ფუნდამენტურ დათმობებსა და კომპრომისებს. მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი, როგორც ამას გვეუბნებოდნენ. გაიწელება, არის ალბათობა, რომ გაყინული კონფლიქტი მივიღოთ, ან არის იმის ალბათობა, რომ ამერიკამ იზრუნოს, რომ კონფლიქტიდან ისე გამოვიდეს, რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს მისი, როგორც ჰეგემონის იმიჯი და დატოვოს უკრაინის ომი“, - განაცხადა ექსპერტმა.