ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი ვაშაძე ჩვეულებრივი პროვოკატორია, მის სახეზე ეწერა პროვოკატორულ განცხადებას ვაკეთებო. ვფიქრობ, ისინი ამ პროვოკაციის მსხვერპლი თვითონ გახდებიან

ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი ვაშაძე ჩვეულებრივი პროვოკატორია, მის სახეზე ეწერა პროვოკატორულ განცხადებას ვაკეთებო. ვფიქრობ, ისინი ამ პროვოკაციის მსხვერპლი თვითონ გახდებიან

გიორგი ვაშაძე ჩვეულებრივი პროვოკატორია. მის სახეზე ეწერა პროვოკატორულ განცხადებას ვაკეთებო, - ასე შეაფასა გადაცემა „ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, „ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შინაარსსაც რომ არ გავყვეთ ბოლომდე, მის სახეზე ეწერა რა პროვოკაციისთვის ამზადებს საზოგადოებას.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისინი ამ პროვოკაციის მსხვერპლი თვითონ გახდებიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სახელმწიფომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის სრული დაცვით უნდა იმოქმედონ. ამ შემთხვევაში, რაიმე გახედვა იქითკენ, რომ რას იტყვის დასავლეთი, დასავლეთმა ამ შემთხვევაში რამე კი არ უნდა თქვას, კეთილი ინებოს და იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც აქ ტრიბუნაზე იდგნენ და „მეიდანიზაციისკენ“ მოუწოდებდნენ ქართულ საზოგადოებას, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რაც დღეს დილას აქ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოხდა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას იტყვის დასავლეთი ცესკოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრის ნახვის შემდეგ, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, „არაფერს იტყვიან, იმიტომ, რომ ეს იმ გეგმის ნაწილია, რა გეგმის შემუშავებაშიც, სამწუხაროდ, იმ პოლიტიკოსებს აქვთ გარკვეული საკუთარი თუ ირიბი მონაწილეობა მიღებული“.

„ამიტომ, ჯერჯერობით არაფერს იტყვიან, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ სახელმწიფო და რაც მთავარია, საზოგადოება მყარად დგას, რეალური თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მაშინ, რა თქმა უნდა, ვერც ვერაფერს იტყვიან. ადრე თუ გვიან მოუწევთ აღიარება იმისა, რაც მათ 2024 წლის არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ გააკეთეს საქართველოსთან მიმართებაში. ეს იყო შეტევა დემოკრატიაზე და მეტი არაფერი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.