შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, რომ ეუთო/ოდირი იყენებს ტერმინოლოგიას თავისუფალი და სამართლიანი, ვინც ამას ამბობს, ან არ იცის რაზე საუბრობს, ან შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას

შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, რომ ეუთო/ოდირი იყენებს ტერმინოლოგიას თავისუფალი და სამართლიანი, ვინც ამას ამბობს, ან არ იცის რაზე საუბრობს, ან შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას

ტყუილია, რომ ეუთო/ოდირი იყენებს ტერმინოლოგიას თავისუფალი და სამართლიანი, ვინც ამას ამბობს, ან არ იცის რაზე საუბრობს, ან შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეუთო/ოდირია და მათი დასკვნის თანახმად, ქვეყანას არჩეული ხელისუფლება ჰყავს.

„საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა 25 000 დამკვირვებელი და რამდენიმე ასეული სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ახლა ყველას უნდა დაიბრალოს, რომ მათი აზრია გადამწყვეტი. სინამდვილეში, მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისია იყო ეუთო/ოდირი. ევროკავშირის პოზიცია იყო, რომ მათთვის გადამწყვეტი იქნებოდა ეუთო/ოდირის ანგარიში. ახლა რატომღაც ზოგიერთ ევროპელს დაავიწყდა ეს და მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ აღქმებით გველაპარაკება, მათ შორის იმ შვიდეულს, რომელიც თბილისში აქციაზე ვიხილეთ. სინამდვილეში, როცა ვსაუბრობთ შეფასებაზე, ეუთო/ოდირი არის მთავარი და მისი ანგარიში ყველამ ნახა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად. მათი მთავარი დასკვნა იყო, რომ არჩევნები შედგა და ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც, სამწუხაროდ, ევროპელი ბიუროკრატების განცხადებიდან გამომდინარე არის გამყარებული, თითქოს ეუთო/ოდირის ტერმინოლოგიაში სადმე იძებნება ეს ფორმულა – თავისუფალი და სამართლიანი. ამაზე ეუთო/ოდირის მისიასთან მქონდა საუბარი, გავაფრთხილე, რომ ეს სპეკულაციები იქნება მათ ანგარიშთან დაკავშირებით და საპასუხოდ მზად იყვნენ.

ველოდები, რომ ყველა, ვისაც ინგლისურად კითხვა შეუძლია, წაიკითხავს ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას, წაიკითხავს მოლდოვის არჩევნებზე დასკვნას. ისინი აღმოაჩენენ, რომ ეუთო/ოდირმა არც აშშ-ის არჩევნები შეაფასა სამართლიანად და თავისუფლად. ტყუილია, რომ ეუთო/ოდირი იყენებს ტერმინოლოგიას თავისუფალი და სამართლიანი. ვინც არ უნდა იყოს ის ადამიანი, რა თანამდებობა არ უნდა ჰქონდეს, თუ ამბობს, რომ ეუთო/ოდირი იყენებს ტერმინებს სამართლიანი და თავისუფალი, იმ ადამიანმა არ იცის რაზე საუბრობს, ან შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.