აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ამასთან, თავად "პარლამენტის" შენობა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს აქვთ შემოსაზღვრული. ოპოზიციის მხარდამჭერები კორდონის წინ დგანან და პლასტმასის და მინის ბოთლებს, კვერცხებს და სხვადასხვა ნივთებს ისრვიან.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება.

ე.წ. „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.

„სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ადგურ არძინბამ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.