2000 წელს აშშ-ს ხელისუფლებაში მოვიდნენ ნეოკონები, უმცროსი ბუში გახდა პრეზიდენტი და მათ ჰქონდათ მკვეთრად განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსი, - განაცხადა ყოფილმა პარლამენტარმა, კოკა გუნცაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მიმოხილვის დროს.
„ნეოკონები ადრე იყვნენ მარქსისტები და 80-იან წლებში უკვე რესპუბლიკელებს შეუერთდნენ. ეს იყო მკვეთრად გამოხატული, ჰეგემონიაზე დაფუძნებული გლობალისტური პოლიტიკური კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ს ჰეგემონიის შენარჩუნებას და განმტკიცებას. არ უნდა წარმოშობილიყო საფრთხეც კი, რომელიც დაემუქრებოდა ამერიკის ჰეგემონიას.
მოცემულ რეგიონში, ეს ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ გაკეთებულიყო გარკვეული სარტყელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მონაწილეობით, რომელიც იქნებოდა წინააღმდეგობის ხაზი რუსეთს განაპირა საზღვრების მიღმა. ამაში ჩართული იყო ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ყველა ქვეყანა.
იქ მარტივი იყო ეს გარიგება და მარტივი იყო ის ამოცანები, რომლებიც მოცემული ჰქონდა ამ ხელისუფლებას: „შენ მე მომეცი ძალაუფლება და მე აქ შევასრულებ ყველაფერს.“ ეს ფუნქცია განისაზღვრა საქართველოსთვის, საქართველოს უნდა აეღო საზღვრისპირა ცხელი ხაზის ფუნქცია. ეს საკმაოდ გვიან გავიგეთ ჩვენ. ეს იყო მათი გეოპოლიტიკური ამოცანა, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა და უზარმაზარი ფასის გადახდა მოუწევდა საქართველოს, რომელიც ნაწილობრივ გამოჩნდა 2008 წელს. სრულყოფილად შეგვიძლია შევაფასოთ დღეს უკრაინის მაგალითზე, რა ფასი გადაიხადა უკრაინამ ამ გეოპოლიტიკურ თამაშში არასწორი პოზიციის გამო.
ერთადერთი ამოცანა, მათი მიზანი იყო რუსეთის შემდგომი დეზინტეგრაცია. ის გახდა ცივი ომის და ბიპოლარული სამყაროს დაშლის შემდეგ ერთადერთი გლობალური ლიდერი, მას სჭირდებოდა ამ გლობალური ლიდერობის განმტკიცება და ამოცანად განისაზღვრა ნატოს რამდენიმე გაფართოების ტალღა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ტერიტორიის შემდგომ დეზინტეგრაციას და ამაში საქართველოს თავისი როლი უნდა ეთამაშა. რამდენად უტოპიური იყო ეს ამოცანა, გამოჩნდა დღეს“, - აღნიშნა კოკა გუნცაძემ.