ეუთო/ოდირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ეფექტურად და პროფესიულად, კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, მაგრამ მშვიდი ათდღიანი კამპანია გამოირჩეოდა უარყოფითი რიტორიკის ზრდით.
„უცხოური ჩარევითა და ხმების მოსყიდვის სქემებით შექმნილი გამოწვევები კვლავ აქტუალური იყო მეორე ტურში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მოქმედი პრეზიდენტი კვლავ სარგებლობდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე პირველ ტურში, ისევე როგორც მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქებით.
„ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი, ძირითადად, საარჩევნო უბნების დაგეგმარებისა და ვიდეოკამერების განლაგების გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი საარჩევნო უბნების 7 პროცენტში ამომრჩეველთა თვალთვალის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რაც მათი თქმით, შემაშფოთებელია.
აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნაში არსადაა გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.