მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ - რას მოგვცემს ეს აქციები?!- განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
„ჩვენს არჩევნებზე რაღაც პრეტენზიები გაუჩნდათ შიგნით, თუ გარეთ. გამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი და ჩვენს არჩევნებზე რაღაც თქვა. შე გაჭირვებულო, შენი გაგჭირვებია, როგორ ჩაატარე არჩევნები... გამოდის წინა დღეებში უკრაინის წარმომადგენელი და ჩვენზე საუბრობს. დაგვანებეთ თავი. ახალგაზრდებს მინდა, მივმართო - სოციალისტური ბანაკის ტერიტორიაზე რომ ცხოვრობდნენ, ის ადამიანები გამოდიან, ევროპარლამენტარებზე ვსაუბრობ და საქართველოს წინააღმდეგ ხშირად იღებენ ხოლმე რაღაცას [რეზოლუციებს]. ცდილობენ საქართველოში არეულობა იყოს და მე არ მრცხვენია ამის თქმა. ფიქრობენ, რომ უკრაინას თუ გაუსწორდა რუსეთი, მერე ვიღაცის ჯერი ხომ უნდა დადგეს. ძალიან პატარა ქვეყნებია და არ უნდათ თავიანთ ქვეყნებს მიადგეს რუსეთი. თავიანთი გადასახედიდან სწორადაც იქცევიან იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან, ჩვენს ქვეყანას სასაკლაოზე ნუ გაუშვებთ.
მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტსაც და ქალბატონებს ოპოზიციიდან - რას მოგვცემს ეს აქციები?! ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?! რას იცავთ? საუბრობთ იმიტომ, რომ უცხოელს გინდათ მოაწონოთ თავი, თორემ საქართველოსთვის რას აკეთებთ?! ხომ შეიძლება ვიცხოვროთ ისე, რომ აი, დამთავრდა არჩევნები და ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე - გავაძლიეროთ საქართველო“, - აღნიშნა მეუფემ.