„მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ ისეთ ადამიანებს და ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ წარმოჩნდნენ, როგორც დამკვირვებლები, რომლებიც რეალურად არიან რადიკალური დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები“, - განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.
„ზოგადად, ჩვენ მივესალმებით, რომ არჩევნებს აკვირდება ეუთო/ოდირი, მივესალმებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას, მაგრამ აქ არის მეორე თემა: ისეთ ორგანიზაციებს და ადამიანებს აქვთ პრეტენზია დაკვირვებაზე, აქვთ სურვილი, რომ წარმოჩნდნენ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რეგისტრირდებიან, „ჩემს ხმას“ „პეტრეს ხმას“, „პავლეს ხმას“ ირქმევენ, მაგრამ რეალურად ესენი არიან იმ რადიკალური დაჯგუფების და სექტის წარმომადგენლები. ხომ ვიცით ყველა სახელებით და გვარებით. რაც არ უნდა დამკვირვებლები დაირქვან, საზოგადოება იცნობს მათ და კაპიკია მათი შეფასებების ფასი, ნულის ტოლია. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, რა თქმა უნდა, პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში. ყველანაირი ზღვარი გადალახეს და მათ ყველას 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.