მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 7.5 პროცენტამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 7.5 პროცენტამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ დონეს და განპირობებული იქნება შინამეურნეობების კერძო სამომხმარებლო და სახელმწიფო ხარჯებით, ასევე ინვესტიციებით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეექსპორტი ცენტრალურ აზიაში (ძირითადად, მეორადი ავტომობილების სახით) მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში, თუმცა სავაჭრო დეფიციტი, სავარაუდოდ, ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება. პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5-პროცენტამდე შენელდება და თავის პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.

„ძირითადი რისკები მოიცავს გაურკვევლობას, რაც უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს და საქართველოს მიერ გადამწყვეტი პროგრესის მიღწევას ევროკავშირის წევრობის გზაზე“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.