არჩევნებმა უძრავი ქონების ბაზარი დაამუხრუჭა

არჩევნებმა უძრავი ქონების ბაზარი დაამუხრუჭა

არჩევნების მოახლოებამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე მოახდინა. რეალიზაცია შემცირებულია, ხოლო პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველი. ყველა ელოდება 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებს. 

სამშენებლო სექტორში ადასტურებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ამ ეტაპზე ყველა პროცესი გაყინულია. როგორც iller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა, ყველა არჩევნების ჩავლას ელოდება. მისი აზრით, უძრავი ქონების ბაზარზე პროცესების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კურსით განაგრძობს სვლას არჩევნების შემდეგ ქვეყანა.

„ამ წუთას მოლოდინის მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე, ყველა ელოდება არჩევნებსა და მის შედეგებს. ფაქტობრივად, ამჟამად გაყინულია ყველაფერი და მთელი ყურადღება მიმართულია იქითკენ, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები, იქნება თუ არა არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და ზოგადად, რა მიმართულებით წავა ქვეყანა.

გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ უძრავი ქონების სექტორში ინტერესები ძალიან მაღალია. დოლარი სარეკორდო ნიშნულზეა. იცით რომ, უძრავი ქონება დოლარზე კვოტირებული ბაზარია და კურსის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მომავალი პროცესები“, - აღნიშნა ურუშაძემ.

იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები დაპაუზებულია, უძრავ ქონებაზე ფასები და მოთხოვნა ამ ეტაპზე სტაბილურად არის შენარჩუნებული.

„ფასები უძრავი ქონების სექტორში სტაბილურია ამჟამად. რაც შეეხება მოთხოვნას წინა პერიოდში, დამოკიდებულია კონკრეტულ სეგმენტზე. მაგალითად, ზოგიერთ მიმართულებაზე დიდია მოთხოვნა, ზოგიერთზე დაბალია. საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა სავაჭრო ობიექტებზე და საგრძნობლად შემცირებულია სამეწარმეო ფართებზე, მეწარმეობა გაყინულია დიდი ხანია და მოთხოვნა ნაკლებად არის“, - განაცხადა ბიპიენთან ურუშაძემ.

უძრავი ქონების ბაზარზე ბინის ყიდვაზე მოთხოვნა რომ შემცირდა, ადასტურებენ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაშიც. ორგანიზაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილის შეფასებით, მოთხოვნის შემცირება წინასაარჩევნო პერიოდისთვის ბუნებრივია და ის, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასტაბილურდება.

ამ ეტაპზე კი დეველოპერულ ბიზნესს რეალიზაციის სტიმულირებისთვის კონკრეტული აქტივობების განხორციელება მოუწევს, მათ შორის ფასის მცირედით შემცირება, რადგან ამ კუთხით დიდი რესურსი გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე არ არსებობს.

ზაფხული ის სეზონია, როცა მოთხოვნა არის ყოველთვის შემცირებული, იმიტომ რომ მომხმარებლებს სხვა პრიორიტეტები აქვს ზაფხულისთვის და უძრავი ქონების ბაზარიც შენელებულია. რაც შეეხება სექტემბერს, არსებობდა მოლოდინი, რომ უფრო აქტიური იქნებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია არჩევნების ფაქტორი, ეს მსოფლიო ტენდენციაა, რომ შენელდეს ბაზარზე სიტუაცია, განსაკუთრებით უძრავი ქონების მიმართულებით. რეალურად სანერვიულო ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, არაფერია.

გაყიდვების სტიმულირების სხვადასხვა მეთოდები არსებობს, ერთ-ერთი ფასების ჭრილში შეიძლება განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, ბაზარზე არიან დეველოპერები, რომლებიც ფასებზე მოახდენენ გავლენას და შეცვლიან, სავარაუდოდ, შეამცირებენ. ასევე შეიძლება განსაკუთრებული საჩუქრები ან აქტივობა გამოიყენონ, რომ უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდეს, - აღნიშნა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა.