ვლადიმერ ბოჟაძე: დღეს წარმოდგენილი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ კანონმდებლობის გვერდის ავლით პირდაპირ და უშუალოდ იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები

ვლადიმერ ბოჟაძე: დღეს წარმოდგენილი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ კანონმდებლობის გვერდის ავლით პირდაპირ და უშუალოდ იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები

დღეს წარმოდგენილი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ კანონმდებლობის გვერდის ავლით პირდაპირ და უშუალოდ იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურისტმა, „ქართული ოცნების“ დელეგატმა გლდანში ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, უცხოური დაფინანსებით ცდილობენ დაეხმარონ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმოებაში.

„თქვენ იცით, რომ ანტიკორუფციული ბიუროს პირდაპირი ვალდებულებაა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც უკვე შეზღუდვები წესდება, ვგულისხმობ 60 დღიან პერიოდს, განსაკუთრებულად განახორციელოს მონიტორინგი როგორც პოლიტიკური პარტიების მიმართ, ასევე იმ სუბიექტების მიმართ, ეს ფიზიკური პირები იქნებიან თუ იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი. კანონის მესამე თავი, რომელზედაც დღეს საუბრობდა ბიუროს ხელმძღვანელი [შალვა პაპუაშვილი], პირდაპირ მიუთითებს, რომ ის არეგულირებს პარტიების და გაცხადებული პოლიტიკური მიზნების საქმიანობას.

რაც შეეხება იმ ფაქტებს, რომელიც მოყვანილი იყო, ამ ფაქტებზე ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით, თუმცა, ეს იყო პოლიტიკური განცხადებები გათვალისწინებული იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს ყურადღება მიექციათ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომლებიც პირდაპირ, ღიად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. ღიად და პირდაპირ უჭერდნენ მხარს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და არღვევდნენ, მათ შორის ჩაურევლობის პრინციპს და მთავარ პრინციპს, რომ სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც წლებია არჩევნებს აკვირდებიან, უნდა იყვნენ ნეიტრალური, ობიექტურები, რომ მათ დასკვნებსაც ჰქონდეს შესაბამისი ნდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუმცა, დღეს წარმოდგენილი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ კანონმდებლობის გვერდის ავლით პირდაპირ და უშუალოდ იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უცხოური დაფინანსება, მათი საშუალებებით და მათი გამტარობით, ასე ვთქვათ, ეხმარებოდეს პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმოებაში.

ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი იგივე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, როდესაც შეხვედრაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილები. პირდაპირ ისმოდა ამ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი განცხადებები, ჩვენი პოლიტიკური გუნდის საწინააღმდეგო განცხადებები, რომელიც ასევე აგიტაციად ითვლება. უნდა ვახსენოთ ასევე ლევან ცუცქირიძის ორგანიზაცია, რომელიც ასევე, მანამდე ღიად იყო პროცესებში ჩართული და აღმოჩნდა, რომ მთლად საერთოდ პოლიტიკური სუბიექტი ჩამოაყალიბეს „თავისუფლების მოედანი“ და ახლა უკვე ეს ადამიანები, ყოფილი „ენჯეოშნიკები“, ასე ვთქვათ, დღეს უკვე არიან წარმოდგენილები ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიაში“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.