შალვა პაპუაშვილი: „ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით

შალვა პაპუაშვილი: „ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით

„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას - წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია გაეროს არაერთი დეკლარაციით, რომელთა მიხედვითაც „არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ აქვს უფლება ჩაერიოს, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე მიზეზით, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შიდა თუ გარე საქმეებში.“

ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც ისინი პარტნიორები იყვნენ. ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე, იმისთვის რომ ხალხს მიეცეს თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ.

მინდა, წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევისაგან თავშეკავებისაკენ მოვუწოდო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გარედან ჩაურევლად, საკუთარი შეხედულებით, რწმენითა და მოსაზრებით მისცეს ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, და არ დაექვემდებაროს გარედან თავსმოხვეულ არჩევანს.

უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს არამართლზომიერი ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.