ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს ხვდება.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მიხარია, რომ ყველანი აქ ხართ. მახსოვს წინა ასეთივე შეხვედრაზე, ბევრი ტელევიზია იძახდა, რომ როგორც კი „გამჭვირვალობის კანონი“ დაიწყებს მუშაობას ჩვენ აღარ დავრჩებითო. რა თქმა უნდა, მეც ვკითხულობდი რატომთქო და ვერ მიხსნიდნენ. მოვუყევი რა ხდებოდა, რა მედია გარემო გვქონდა, 2007 წელს რა მოუვიდა „იმედს“. ისიც ვუთხარი, რომ ამ სიტუაციაში მე ყოველთვის ჩემს თავს ვუმტკიცებ, რომ „იმედი“ არსებობს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პირები, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიებში არიან გაფანტულები, არასდროს დაბრუნდნენ ამ ქვეყნის სათავეში. ესაა ის მისია, რომელიც მე მაქვს, რატომაც „იმედი“ არსებობს, წამგებიანი, არა ბიზნესური „იმედი“. ძალიან მეამაყება, რომ მშვენივრად ართმევს თავს. „იმედი“ წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ჩემი ერთი პარტნიორი ინგლისის მოქალაქეა და მეორე ამერიკის მოქალაქეა. ამიტომ ჩვენ თუ 20%-ზე მეტს ვიძლევით, უცხოური ფულია შემოსული, მაშინ უნდა დავრეგისტრირდეთ. უბრალოდ ჯერ არ არის საჭირო, როგორც იურისტები მეუბნებიან. არაფერი პრობლემა არ არის დარეგისტრირება. მერე მეორე, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა თქვა რატომ შემოიტანე ფული. იმიტომ, რომ შემევსო ბიუჯეტის დეფიციტი. რა არის ამაში პრობლემა, რატომ უნდა დაიხუროს ტელევიზია თუ უნდა თქვას, რომ შემოვიტანე ფული და ბიუჯეტის დეფიციტი შევავსე?! მე ვიცი რა გამოიარა „იმედმა“ დაწყებული 2005 წლიდან, როცა გვთხოვეს გირგვლიანი არ გაუშვათო და უარი უთხრა ბადრი პატარკაციშვილმა. იქიდან სადამდე მივედით. 2007 წელს დარბევამდე, დაკეტვამდე და 5 წელი ტელევიზია რომ არ არსებობდა ქვეყანაში, ეგ მახსოვს. ეგ რომ არ დაბრუნდეს, ამიტომ არსებობს დღეს იმედი, რომ ის ხალხი, ვინც ეს მოგვიწყო და დაგვტოვა აბსოლუტურად განსხვავებული აზრის გარეშე ამდენი წლის განმავლობაში, ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს. ამიტომ არსებობს „იმედი“. მე ღიად ვიძახი და იმათ მოყვნენ, იმათმა მფლობელებმა, რატომ აქვს სააკაშვილის დედას ტელევიზიაში წილი? მოგვიყვეს, თქვას ამიტომ და ამიტომ შევიძინე წილი „მთავარ არხში“, თქვას. ტელევიზია უნდა იყოს ბიზნესი, უნდა ჰქონდეს მოგება და მაშინ იქნება დამოუკიდებელი. თავისი ფულით რომ არსებობდეს მაშინ შეიძლება დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეს და ყველაფერი ახლა იმ ხალხზეა დამოკიდებული, ვინც მას აფინანსებს. თქვენ ჰკითხეთ თქვენს თავს, რად უნდა კეზერაშვილს ტელევიზია საქართველოში? რაში სჭირდება გიული ალასანიას ტელევიზია საქართველოში? ნიკა გვარამიას რაში სჭირდება ტელევიზია? ეს კითხვები დაუსვით თქვენს თავს და დარწმუნებული ვარ, თქვენ ჭკვიანი ხალხი ხართ, ამას მშვენივრად გასცემთ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
კითხვაზე, რაში გჭირდებათ თავად თქვენ ტელევიზია, ირაკლი რუხაძემ უპასუხა, რომ მისი მიზანია „ფორმულას“ მფლობელი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში. მისივე თქმით „უნდა დავაფასოთ ის თუ როგორი მედიაგარემო გვაქვს“.