ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფორმალურად სანქციები ისედაც მოქმედებს და მას 2 მილიარდიან აქტივებზე წვდომა რუსეთ - უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე შეეზღუდა - თუ ფორმალური სანქციები იურიდიულ სახესაც მიიღებს, ეს საზოგადოებაში ივანიშვილისადმი მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს! - ასეთია პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის პოზიცია აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით.
კახიანის მტკიცებით, სანქციის თემით მუქარები არაფერს ცვლის და აღნიშნული თემით მანიპულირება არჩევნების გამო ხდება.
კახიანი იმასაც ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი ხელოვნურია.
„ეს ემსახურება ერთადერთ რამეს - ეს არის არჩევნების წინ ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე ზეწოლა. ეს გარკვეულწილად არის მოსახლეობის დაშანტაჟება კონკრეტული გზავნილებით.
სანქციების დაწესებას რეალურად საფუძველი არა აქვს. ვხედავთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ასეთი განცხადებები კეთდება. ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს - დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არანაირი რესურსი და საზოგადოებაში მხარდაჭერა არ გააჩნია და ცდილობენ, ასეთი განცხადებებით პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან.
მეორეს მხრივ, ეს არის ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეწოლა - არჩევნების წინ ასეთი რამ არ უნდა კეთდებოდეს!
იმასაც ვიტყვი, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად ათვიცნობიერებს. სანქციების თაობაზე ხელოვნურად მოგონილი თემები გაცვეთილია - საბოლოოდ ამას ამომრჩევლის ნებაზე შედეგი ვერ ექნება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, „ამერიკის ხმა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.