შალვა პაპუაშვილი: საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი

შალვა პაპუაშვილი: საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი

განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, რუსთავში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. მისი თქმით, ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი იდენტობის,  დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, გადასარჩენად.

,,დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ, ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა, დღეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც გვიწევს ბრძოლა. მტკიცე ეროვნულმა და პიროვნულმა იდენტობამ დღევანდელობამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ყოფა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები. ეს იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ. რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ. საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენს ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი ჩვენი იდენტობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ჩვენი თვითმყოფადობის გადასარჩენად.

26 ოქტომბერს ასევე გადაწყდება, შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, თუ ძალაუფლებას კვლავ ის ხალხი ჩაიგდებს ხელში, ვინც აფხაზებთან და ოსებთან ხელახლა გადებული ნდობის ხიდები ერთხელ უკვე გადაწვა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.