კახა კალაძე: ჩვენს მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა

კახა კალაძე: ჩვენს მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა

„კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ,“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.  

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ  ხაზი გაუსვა, რომ მრავალეთნიკურობა  საქართველოს სიმდიდრე და სიძლიერეა, რაც მისი თქმით, ყველა სირთულის ერთად დაძლევის შესაძლებლობას იძლევა.

„მრავალფეროვნება, მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა.  საუკუნეებია ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ყველა სიძნელეს, რადგან საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე. მწამს და მჯერა, ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, ისევ და ისევ საერთო ძალისხმევით დაიძლევა. 

მეგობრებო, ჩვენ მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა.

თქვენ კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანა დგას  ურთულესი გამოწვევების წინაშე, რომლის დაძლევაც საქართველოს ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით უკვე შეძლო.

„გახსოვთ, რა ხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორი მცდელობა ჰქონდათ, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელით გაეყალბებინათ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რასაც მოჰყვა ოპოზიციის რამდენიმეთვიანი საბოტაჟი. მიზანი, რასაკვირველია, იყო არეულობა და ქაოსი ქვეყანაში.

შემდეგ ვიხილეთ განუბაჟებელ ტვირთად შემოტანილი მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რაც მათთვის, ასევე, კრახით დასრულდა.

უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, გვახსოვს წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ქვეყანაზე, რათა ჩავრთულიყავით ომში და შევერთებოდით სანქციებს.

მყისვე გააქტიურდნენ რადიკალური ოპოზიცია და უცხო ძალებისგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ მოითხოვდნენ ბომბებს თბილისის თავზე. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც დედაქალაქის საახალწლო მორთულობასაც კი შავი ლენტები შეაბეს და სიტყვა “მშვიდობა” აქციეს დაცინვის საგნად.

საბედნიეროდ, მმართველმა გუნდმა შეძლო, არნახული , უსამართლო თავდასხმების მიუხედავად, დაეცვა ქვეყნისა და საკუთარი  მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესები,- განაცხადა კახა კალაძემ.