„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, აბსოლუტურად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას, პარტია “ახალთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, რომ ძალა სწორედ ერთიანობაშია.
„პრეზიდენტი სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” დროსაც იყო, არის და იქნება მთავარი გამაერთიანებელი და კონსოლიდატორი. მას ყველაზე კარგად ესმის, რომ ჩვენი მთავარი ძალა ერთობაშია, მათ შორის ის არის, ჩვენს გერბზე არსებული წარწერის ავტორი, რომ “ძალა ერთობაშია” და ესმის, რომ ივანიშვილის დღევანდელ მოღალატეობრივ ხელისუფლებასთან გამარჯვების მთავარი შანსიც სწორედ ერთიანობაშია. ამიტომ, აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოწოდებას გაერთიანებასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობაც”, რომლის საპატიო თავმჯდომარე არის პრეზიდენტი სააკაშვილი, ასევე, ბუნებრივია, იყო, არის და იქნება ოპოზიციურ ფლანგზე მაქსიმალური კონსოლიდაციის მომხრე”,- განაცხადა ბოკუჩავამ
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას თავიდანვე ჰქონდა ინიციატივა გაერთიანების შესახებ. როგორც მან სასამართლო პროცესზე აღნიშნა, პარტია „ახალს“ გაერთიანებას დღესაც სთავაზობს.
„კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.