შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

ღონისძიებას, რომელშიც ევროპის 26 ქვეყნის წამყვანი საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მიმდინარე წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მასპინძლობს.

საერთაშორისო კონფერენციის - "ხელოვნური ინტელექტი საპოლიციო განათლებაში“ მსვლელობისას, გერმანიის, იტალიის, უკრაინის, ისრაელის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მონაწილეებს საპოლიციო სწავლებაში გამოყენებული ინოვაციური მიდგომების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრთა შეხვედრა, რა დროსაც  ასოციაციის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კი, კონფერენციის მონაწილეები სამომავლო აქტივობებს განიხილავენ.

ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 3 დღეს გასტანს და 11 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია AEPC-ის წევრი 17 წლის წინ გახდა, 2017 წლის 5 მაისს არჩეული იქნა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხოლო 2023 წლიდან დღემდე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე იკავებს.