პაპუაშვილი: როგორც აშშ-ს არ უნდა უცხოეთმა დააფინანსოს მათი პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება, ჩვენც არ გვინდა საქართველოში ამერიკიდან ფინანსდებოდეს ორგანიზაციები

პაპუაშვილი: როგორც აშშ-ს არ უნდა უცხოეთმა დააფინანსოს მათი პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება, ჩვენც არ გვინდა საქართველოში ამერიკიდან ფინანსდებოდეს ორგანიზაციები

ის, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს რაიმე პრობლემა კრიტიკულ დისკუსიასთან, ის ცრუობს. ერთადერთი პრობლემა, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არის ის პრობლემა, რომელიც აქვს ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლებას, ეს არის რადიკალური ჯგუფების დაფინანსება უცხო ქვეყნებიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მანიპულაცია იმით, რომ თითქოს ვინმეს პრობლემა აქვს კრიტიკასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდი.

„როგორც აშშ-ს არ უნდა, რომ უცხო ქვეყანამ დააფინანსოს ამერიკელი პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის კამპანიის რომანტიზება, ასევე ჩვენ არ გვინდა საქართველოში ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის კარგი, თუკი გაქვს მიზანი, რომელსაც შენ ესწრაფვი. ამაში რომ ბიუჯეტის ფული იხარჯება, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ძალადობა და ამის პოპულარიზაცია არის ძალადობის წახალისება.

„თუ ვინმე კრიტიკას ეძახის მოლოტოვის კოქტეილის სროლას, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა არის კრიტიკა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ძალადობა, ამის პოპულარიზაცია არის ძალადობის წახალისება, ამიტომ როდესაც ფინანსდება ძალადობის წახალისება, ეს არ არის კრიტიკის წახალისება, ეს არის ძალადობის წახალისება. ისევე როგორც ტრორიზმისა და კრიმინალის წახალისება ვერ იქნებოდა კარგი.

ამიტომ, მანიპულაცია იმით, რომ თითქოს ვინმეს პრობლემა აქვს კრიტიკასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდი. ჩვენი გამოწვევა რომ ზუსტად ის არის, რომ კრიტიკული დისკუსიისა და დიალოგის შესაძლებლობა არ არის, რადგან ნებისმიერი კრიტიკული დისკუსია ჩახშობილია რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ კლანის ხმამაღალი ყვირილით. ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ არგუმენტებით, საუბრობენ ლოზუნგებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.